1775661575
„გაუგებარი და მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება“ - კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კულტურის სამინისტრომ რობერტ სტურუას სპექტაკლ „ვეფხისტყაოსნისთვის“ განათების ძვირად ღირებული აპარატურა შეიძინა, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კულტურის სამინისტრომ რობერტ სტურუას სპექტაკლ „ვეფხისტყაოსნისთვის“ განათების ძვირად ღირებული აპარატურა შეიძინა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. განათების აპარატურა შეძენილ იქნა რუსთაველის ეროვნული თეატრის მუდმივი საჭიროებებისთვის და არა ერთი კონკრეტული სპექტაკლისთვის.
რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდესი ტრადიციების მქონე კულტურის კერაა და იმისთვის, რომ მომავალშიც პასუხობდეს ყველა მოთხოვნას, მას სჭირდება თანამედროვე აღჭურვილობა.
შესაბამისად, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, რაც რუსთაველის თეატრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპექტაკლ „ვეფხისტყაოსნის“ გასანათებლად 820 400 ლარი დაიხარჯა.









