გამოდიან და კიდევ საუბრობენ პირველი მსოფლიო ომის ქიმიურ იარაღზე, რომელიც ყველას სასაცილოდ აქვს, ოპოზიციასაც, უმრავლესობასაც. თუთიყუშიც კი იცინის ამ ცრუ ნარატივზე - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

"ევროპარლამენტში გუშინ რაც ვიხილეთ, კიდევ ერთხელ იყო ჩვენება, რას ნიშნავს ჩავარდნილი ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე. ძალიან მარტივი დასანახია პარალელები 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობასთან, რომელსაც ასევე მხარდაჭერა ჰქონდა ბრიუსელიდან," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, დეზინფორმაციის გავრცელება და ამის პოლიტიკური ტრიბუნიდან გახმოვანება მათთვის მოულოდნელობა არ ყოფილა.

"სცენარი არსებობდა, ტექსტები დარიგებული ჰქონდათ და უნდა გამოექვეყნებინათ. მიჰყვნენ ამ განრიგს, ვის ცხრა საათზე უნდა დაედო, ვის ათ საათზე, ვის - თერთმეტის ნახევარზე. ეს ყველაფერი გამოაქვეყნეს, თუმცა უკვე აცდენილი იყო თბილისში არსებულ რეალობას - დამხობის მცდელობა, რომელიც მხარდაჭერილი იყო ბრიუსელის მხრიდან, ჩავარდა. იგივე მოხდა გუშინ. სწორედ ამაზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ BBC-ის ცრუ რეპორტაჟი იყო ნაწილი იმ ჰიბრიდული თავდასხმისა, რომელსაც შემდეგ უნდა მოჰყოლოდა ამგვარი რეაქციები. ერთი რამ ვერ გათვალეს, მათ იფიქრეს, რომ BBC-ის რეპორტაჟზე იქნებოდა უბრალოდ სიტყვიერი საუბარი, სინამდვილეში, გამოძიება არ ჩატარდებოდა. გუშინ რა ტექსტებიც მოვისმინეთ, არის გამზადებული, რომ არ არის ჩატარებული გამოძიება, არაფერი ხდება საქართველოში, ეჭვები არსებობს "კამიტზე," მოვუწოდებთ გამოძიებასო და ასე შემდეგ. წინასწარი დაწერილი ეს ტექსტები კვლავ ასცდა რეალობას, ვინაიდან ჩატარდა გამოძიება, ყველაფერი გამჭვირვალედ გაკეთდა. ყველა კითხვას პასუხი გაეცა. მათ შორის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ რომელიმე რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ აქვს კითხვა, აგერ არის ხელისუფლება, სამართალდამცავი ორგანოები და მზად ვართ, ნებისმიერ ინფორმაციაში ჩავხედოთ, ვაჩვენოთ, განვუმარტოთ.

ეს იყო წინასწარ დადგმული სცენარი, რომლის ერთ-ერთი საცეცი იყო BBC, რომელმაც დაინგრია საკუთარი რეპუტაცია და სხვა ქვეყნებზე ჰიბრიდული თავდასხმის, პროპაგანდის იარაღად იქცა. გამოდიან და კიდევ საუბრობენ პირველი მსოფლიო ომის ქიმიურ იარაღზე, რომელიც ყველას სასაცილოდ აქვს, ოპოზიციასაც, უმრავლესობასაც. თუთიყუშიც კი იცინის უკვე ამაზე, ამ ცრუ ნარატივზე," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.