ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლუქსემბურგში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) წევრი ქვეყნების ჯგუფის (constituency) შეხვედრაში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში, იგი შეხვდა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ფინანსების განვითარების მიმართულებით აკიჰიკო ნიშიოს.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

განიხილეს საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) რესურსების 21-ე შევსების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები და IDA-ს რესურსების მე-20 შევსების პროგრამის შეფასება.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიერ საერთაშორისო განვითარების ასოციაციისთვის გაწეული დონაციისთვის და ყურადღება გაამახვილა ამ პროცესის მნიშვნელობაზე.

თავის მხრივ, ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან საუბრისას, ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკთან მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას. ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა მიმდინარე მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და საშუალოვადიან პროგნოზებზე.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

აღსანიშნავია, რომ საქართველო IDA-ს დონორი ქვეყნების რიცხვს 2022 წელს, ასოციაციასთან თანამშრომლობის 30-ე იუბილეზე შეუერთდა და უკვე რესურსების მეორე შევსებაში მონაწილეობს დონორის სტატუსით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.