ელენე ხოშტარია და გედევან ფოფხაძე შიმშილობას წყვეტენ

ელენე ხოშტარია და გედევან ფოფხაძე

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. პარტია "ახლის" ერთ-ერთმა ლიდერმა განცხადება სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა. შიმშილობას წყვეტს გედევან ფოფხაძეც.

ელენე ხოშტარიას თქმით, მან პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც 8 ოპოზიციური პარტია შეთანხმდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა მათ რიგებში ისევ არ არიან "ლელოსა" და გახარიას პარტიების წარმომადგენლები.

"ძალიან მიხარია, რომ ვწყვეტ შიმშილობას, რომ ყველა ერთად გადავიდეთ ძალიან აქტიურ ბრძოლის ფაზაზე", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მან პარლამენტთან 8 ოპოზიციური პარტიის საერთო განცხადება წაიკითხა, რომელსაც ხელს აწერენ პარტიები: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "თავისუფლების მოედანი", "ევროპული საქართველო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ახალი", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "დროა", ⁠"ფედერალისტები".