დავით სონღულაშვილი ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის მინისტრს შეხვდა

დავით სონღულაშვილი

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალური სესიის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის მინისტრს, ლუის პლანას პუჩადესს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ესპანეთის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და აგროსასურსათო სექტორში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

"ესპანეთში სოფლის მეურნეობა წარმოადგენს სტრატეგიულ მიმართულებას მნიშვნელოვანი სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური მნიშვნელობით, ხოლო აგროსასურსათო ინდუსტრია ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სექტორია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მრავალი შესაძლებლობა არსებობს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ყურადღება დაეთმო ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციის საკითხებს. მინისტრებმა ასევე იმსჯელეს მარკეტინგული სტრატეგიების, ხარისხის სისტემებისა და გასტრონომიის სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობასა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნის შესაძლებლობაზე. მხარეებმა სამეცნიერო და კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად თანამშრომლობდა ესპანურ კომპანიებთან მეცხოველეობისა და მცენარეული წარმოების სფეროში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანს წარმოადგენდა გადაშენების პირას მყოფი კახური ღორის ჯიშის აღდგენის ხელშეწყობა, ასევე ლორისა და სხვა ხორცპროდუქტების საქართველოში წარმოება და საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ხელშეწყობა წარმოადგენს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელოვან მიმართულებას. ასევე მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობისა და ინვესტიციების წახალისება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს აგროსავაჭრო კავშირებს და ორმხრივ სარგებელს მოუტანს ქვეყნებს.

საქართველო-ესპანეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მზარდი დინამიკით ხასიათდება. 2025 წელს საქართველოდან ესპანეთში ექსპორტმა 27.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა - 41.8 მილიონი აშშ დოლარი. საქართველოს ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა - თხილი და თხილის პროდუქტები, ღვინო და მინერალური წყალი.

შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი ესწრებოდნენ.