დავით მათიკაშვილი: ობიექტური ანალიზის პირობებში ვერავინ არიდებს თავს იმ შთამბეჭდავ მიღწევებსა და შედეგებს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს

დავით მათიკაშვილი

ობიექტური ანალიზის პირობებში ვერავინ არიდებს თავს იმ შთამბეჭდავ მიღწევებსა და შედეგებს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის მიერ პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოქვეყნებულ კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა და 38-ე ადგილზე გავიდა.

„ევროკომისიის დასკვნიდან წამოსული ეს ფრაზა – კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა ნიშნავს, რომ ობიექტური განსჯისა და ანალიზის პირობებში ვერავინ არიდებს თავს იმ შთამბეჭდავ მიღწევებსა და შედეგებს, რომელიც საქართველოს მთავრობას თავისი საქმიანობისას აქვს. ევროჩინოვნიკები, ერთი მხრივ, როცა ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა წამყვან ევროპულ ქვეყნებს შორისაა და ინდექსებში მოწინავეა, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყანას ემუქრებიან, რომ აგენტურას ქვეყნის ხელისუფლებაში თუ არ დააბრუნებ და „დემოკრატიის შუქურას“ ქვეყანას არ ჩააბარებ, უვიზო მიმოსვლას წაგართმევთო, სად არის აქ სამართლიანობა, ერთმაგი სტანდარტი და პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობა?“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.