ავარია სანაპიროზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1747653558
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისს მომხდარ დარბევაზე საუბრობს. მათ შორის, იხსენებს იმ ადამიანების ისტორიას, რომლის ცხედრებიც მაღაზიის სახურავზე იპოვეს.
"გათენდა და ყველამ გავიგეთ, რომ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზიის სახურავზე იპოვეს ორი ადამიანის, სულიკო ასათიანის და ნიკა კვინტრაძის გვამები და გავრცელდა ხმა, რომ თითქოს ეს ადამიანები ელექტროენერგიის ზემოქმედებით დაიღუპნენ. სულიკო ასათიანს მე პირადად ვიცნობდი და არა ერთხელ ვნახე აქციების დროს. ის იყო ერთ-ერთი აქტიური ადამიანი და კომუნიკაციაში ვიყავით ერთმანეთთან. როდესაც ეს ამბავი გავიგე, დავინტერესდი, მოვიკითხე. დილით, 27-ში, სულიკოს შვილი წაიყვანეს ქუთაისის უშიშროების განყოფილებაში. დილით მიაკითხეს და ქუთაისში გამოუცხადეს პაატას, რომ დენით გარდაიცვალაო. პაატა ახალგაზრდა კაცია და უთხრა, რომ „სულ დაწვითო?“ -ასეთი რეაქცია ჰქონდა. იმდენად ბოროტები იყვნენ ინსტინქტურად უთხრა, რომ მთლიანად დაწვით თუ დატოვეთ რამეო. რაღაცები აუხსნეს, რომ ის შემთხვევით გარდაიცვალა. მან [პაატამ] მოითხოვა წყალი და აქ დაუშვა დიდი შეცდომა. დალია წყალი და როგორც აღმოჩნდა ამ წყალში გაურიეს რაღაც ნივთიერება და ამ ახალგაზრდას ამის შემდგომ დაემართა სერიოზული ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა, მის მდგომარეობაზე ძალიან ცუდად იმოქმედა.“-აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
დავით ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ ყველამ იცის, სულიკო ასათიანი არც დენს მოუკლავს და არც შეტაკებაში დაღუპულა. მისივე თქმით, როგორც ოჯახს აქვს ინფორმაცია, ის წაიყვანეს, მცხეთის იზოლატორში აწამეს და წამებაში ამოხადეს სული.
"შემდგომ დადგა დრო, როდესაც სულიკო უნდა დაესაფლავებინათ. როცა მივედით დასაფლავებაზე, გაკვირვებული დავრჩი, რომ 10-15 კაცი თუ იქნებოდა ეზოში. მოვიკითხე და მითხრეს, რომ „ბატონო დათო, თუ არ შეწუხდებით, გვერდზე გამოგვყევითო“. გავყევი, გვერდით არის ყოფილი სკოლის შენობა და იქ ეყენათ კამერა. ორი ადამიანი იყო, რომლებიც იწერდნენ ყველაფერს და მითხრეს, რომ ვინ მოვა დასაფლავებაზეო, რაც მიცვალებული ჩამოასვენესო აქ კამერა დგას და იწერენ, ვინც მოვა სამძიმარზე, მერე საღამოს მიდიან სახლში და აშინებენ, რომ არ გაბედოთ მისვლა, ისინი არიან მოღალატეები, კრემლის შემოყვანა უნდოდათ საქართველოში და რაღაც ამის მსგავსი.
შევედით ოჯახში მიცვალებულის პატივსაცემად და ქალბატონი შორენა, ბატონი სულიკოს მეუღლე, მეუბნება, რომ "დათო გული ხომ გაქვს ძლიერიო". მე ვუთხარი, მგონი კი მეთქი და რაღაც უნდა გაჩვენოო და თუ რაღაც მაშინ შეიკავე თავიო. მიცვალებულთან მივედით, გადახადა მიცვალებულს, ჩემი თვალით დავინახე, რომ ადამიანს მარცხენა თვალი ჰქონდა გამოთხრილი და დაფარებული ჰქონდა სპეციალურ ხსნარში დამუშავებული თეთრი ბინტი. ყელი ჰქონდა გამოგლეჯილი, ხელები ჰქონდა დამტვრეული და მითხრა, რომ „აი, დენს შეიძლება ასეთი რაღაცები გაეკეთებინა ადამიანისთვისო?" ასეთი სისასტიკე ჩაიდინეს და ყველამ იცის, რომ ეს ადამიანი არც დენს მოუკლავს და არც შეტაკებაში დაღუპულა. როგორც ოჯახს აქვს ინფორმაცია, უბრალოდ სამწუხაროდ, ვერ დადასტურდა ეს ინფორმაცია, ის წაიყვანეს, მცხეთის იზოლატორში აწამეს და წამებაში ამოხადეს სული", - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.