დანიაში არის კანონის უზენაესობა, ეს არის განსხვავებული რეალობა... ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც შეიძლება იყოს გადამეტებული ძალადობის ფაქტი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება იმუშავებს - ლაშა ფარულავა

ლაშა ფარულავა

ევროკავშირის ლიდერების მიმართ პრემიერის ღია წერილს შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. საუბარია წერილზე, სადაც საქართველოს მტავრობის მეთაურმა ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას კოპენჰაგენში მიმდინარე მოვლენების შეფასება სთხოვა.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ დანიაში არის კანონის უზენაესობა და "ეს არის განსხვავებული რეალობა".

"დანიასა და საქართველოს შორის რომ ხდება შედარება და პარალელების გავლება, პირველი და არსებითი არის ის, რომ დანიაში არის კანონის უზენაესობა, ეს არის განსხვავებული რეალობა. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც შეიძლება იყოს გადამეტებული ძალადობის ფაქტი, ამასთან დაკავშირებით კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება იმუშავებს" - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

"ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ საუბრობენ დანიაში განვითარებულ მოვლენებზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევასა და ამ ყველაფერზე ევროპის დუმილზე.

ევროკავშირის ლიდერებს ღია წერილით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ მიმართა.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა კოპენჰაგენში მიმდინარე აქცია ძალადობრივად, ხელკეტების, ძაღლებისა და ბრუტალური მეთოდების გამოყენებით დაშალეს.