მტკვარში, მანქანის გადავარდნის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
1780561526
ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება. მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, ინოვაციებსა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც ქმნის რეალურ კეთილდღეობას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და სუვერენული მომავლის ფორმირებაში.
„მოხარული ვარ, რომ თბილისი განაგრძობს მრავალწლიან ტრადიციას და უკვე მეთექვსმეტედ მასპინძლობს მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს, რომელმაც მასშტაბური გლობალური პლატფორმის სტატუსი შეიძინა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი დედაქალაქი კვლავ რჩება რეგიონში საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან ცენტრად.
ბოლო წლებში ჩვენ არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით და ამ ფონზე, წლევანდელი ფორუმის მთავარი გზავნილი - „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“ - კიდევ უფრო აქტუალურია.
მზარდი საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე, როდესაც ზესახელმწიფოები მცირე ქვეყნებს მხარის არჩევისკენ მოუწოდებენ, ჩვენთვის გადამწყვეტი ხდება დიპლომატიის სრულფასოვანი გამოყენება. ლოგიკური და კანონზომიერია, რომ ფორუმის დღის წესრიგი ყველაზე რთულ და აქტუალურ გეოპოლიტიკურ საკითხებსაც მოიცავს. მსგავსი თემების განხილვა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფის გზების საძიებლად ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.
ჩვენს სტრატეგიულ მიზნებთან მჭიდროდაა დაკავშირებული ფორუმის თემატური პანელებიც, რომლებიც სუვერენიტეტის განმტკიცებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ენერგოდამოუკიდებლობაში დიდი ჰესების როლს, ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, ინოვაციების დანერგვასა და მდგრად ურბანულ რეფორმებს ეთმობა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ადგილი კვლავ უკავია მშვიდობის პლატფორმას. გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობის გარეშე, პროგრესსა თუ კეთილდღეობაზე საუბარი შეუძლებელია.
ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება. მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, ინოვაციებსა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც ქმნის რეალურ კეთილდღეობას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის.
დარწმუნებული ვარ, ფორუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და სუვერენული მომავლის ფორმირებაში.
მადლობას გიხდით ფორუმის ორგანიზატორებს, პარტნიორებსა და მონაწილეებს და ყველას ნაყოფიერ დისკუსიებს გისურვებთ!,- განაცხადა პრემიერმა.