ჩვენი პატრიარქი შეუერთდა ზეციური საქართველოს ჩინებულთა დასს, ჩვენს გმირ წინაპრებს, ხოლო მისი ღვაწლი და მისი სიტყვა კვლავაც იცოცხლებს ჩვენს ერში. ჩვენ ვართ მისი თაობა, მისგან მონათლული, ნაკურთხი და დალოცვილი - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ჩვენი პატრიარქი შეუერთდა ზეციური საქართველოს ჩინებულთა დასს, ჩვენს გმირ წინაპრებს, ხოლო მისი ღვაწლი და მისი სიტყვა კვლავაც იცოცხლებს ჩვენს ერში.
ჩვენ ვართ მისი თაობა, მისგან მონათლული, ნაკურთხი და დალოცვილი, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრების ყოველი წუთი და წამი მიუძღვნა ქრისტეს მსახურებას, სამშობლოს დაცვას და სამწყსოზე ზრუნვას.

უწმინდესი პატრიარქი ილია II ნახევარი საუკუნის განმავლობაში წინამძღოლობდა 2000 წლოვან ქართულ ეკლესიას. მან ათეისტური უკუნიდან და მიმქრალი ნაკვერჩხლიდან ააგიზგიზა ქართველ ერში ჭეშმარიტი სარწმუნოება და თავისი შრომით და ლოცვით ააღორძინა ჩვენი ეკლესია.

უიმედობისა თუ სასოწარკვეთის მძიმე წუთებში სწორედ ის ტვირთულობდა ჯვრის სიმძიმეს. ის იყო ნუგეში და მეოხი განსაცდელში მყოფი ერისთვის. ის იყო ბევრად მეტი ჩვენთვის, ვიდრე ეკლესიის წინამძღოლი.

ჩვენი პატრიარქი შეუერთდა ზეციური საქართველოს ჩინებულთა დასს, ჩვენს გმირ წინაპრებს, ხოლო მისი ღვაწლი და მისი სიტყვა კვლავაც იცოცხლებს ჩვენს ერში.
ჩვენ ვართ მისი თაობა, მისგან მონათლული, ნაკურთხი და დალოცვილი.

მწამს, რომ მისი ზეციური ლოცვით და კურთხევით კვლავ დალოცვილი ვიქნებით ერი თუ ბერი, მისგან შეყვარებული სამშობლო, ყოველი ქართველი და ჩვენი დედა-ეკლესია, რომლის აღორძინებისთვისაც იღვაწა მთელი თავისი ცხოვრება“, - წერს პაპუაშვილი.