ჩვენ მივეჩვიეთ 35 წლის განმავლობაში იმას, რომ სიმშვიდით და მოთმინებით უნდა შევხედოთ პროცესებს და სწორედ ამის ხარჯზე ვახერხებთ მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით შენარჩუნებას, რაც ვერ მოხერხდა უკრაინასა და მოლდოვაში - პრემიერი

პრემიერი

თქვენ იცით, რამდენად უსწრებს წინ საქართველო ყველა პარამეტრით როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას - დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის, სოციალური პოლიტიკის კუთხით, ყველა მიმართულებით ვართ აბსოლუტური ლიდერი ამ ქვეყნებს შორის, თუმცა მიდგომა არის უსამართლო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების პროცესის გახსნას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45 % უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და ამ ფონზე მოლდოვის ხელისუფლება აცხადებს, რომ ოღონდ გახდნენ ევროკავშირის წევრები და ისინი მზად არიან, დათმონ სუვერენიტეტიც კი, რაც სამარცხვინო მდგომარეობაა.

"ეს არის იმ შანტაჟის გაგრძელება, რომელიც დაიწყეს 2022 წლის მარტიდან, ეს შანტაჟი გრძელდება, სამარცხვინო და უსამართლო მიდგომაა ქართველი ხალხის მიმართ. თქვენ იცით, რამდენად უსწრებს წინ საქართველო ყველა პარამეტრით როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას. დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის, სოციალური პოლიტიკის კუთხით, ყველა მიმართულებით ვართ აბსოლუტური ლიდერი ამ ქვეყნებს შორის, თუმცა მიდგომა არის უსამართლო.

ვნახოთ, ერთ დღეს, შეიძლება, ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტოს უსამართლო მიდგომის შეცვლა სამართლიანი მიდგომით, ეს არის მათი გადასაწყვეტი. ჩვენ მივეჩვიეთ 35 წლის განმავლობაში იმას, რომ სიმშვიდით და მოთმინებით უნდა შევხედოთ პროცესებს და სწორედ ამის ხარჯზე ვახერხებთ ჩვენ მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით შენარჩუნებას, რაც ვერ მოხერხდა მაგალითად უკრაინასა და მოლდოვაში. იცით, რა მდგომარეობაშია უკრაინა, ეს ცალკე თემაა და მოლდოვა არანაკლებ მძიმე მდგომარეობაშია.

მოლდოვის ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ თუ ვერ მოახერხებენ ასე გაწევრიანებას, შეუერთდებიან პირდაპირ რუმინეთს, როგორც ერთობლივ სახელმწიფოს. ასეთი გაერთიანება რა ფასისაა, თქვენ შეგიძლიათ თავად იმსჯელოთ.

მოლდოვა თავად აყენებს ეჭვქვეშ საკუთარი გაწევრიანების პერსპექტივას და ამბობენ, რომ რადგან ამ პერსპექტივას მკაფიოდ ვერ ხედავენ, შეიძლება, იფიქრონ რუმინეთთან გაერთიანებაზე, რაც ნიშნავს სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობას. ეს განაცხადა თავის დროზე პრეზიდენტმა, ახლა აცხადებს ვიცე-პრემიერი. თან შეგახსენებთ, რომ ეს არის ის ქვეყანა, სადაც მცხოვრები მოსახლეობის, ამომრჩევლის მხოლოდ 45 % უჭერს მხარს ევროინტეგრაციას. მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45 % უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და ამ ფონზე მოლდოვის ხელისუფლება აცხადებს, რომ ოღონდ გახდნენ ევროკავშირის წევრები და ისინი მზად არიან, დათმონ სუვერენიტეტიც კი. რა სამარცხვინო მდგომარეობაა შექმნილი ამ თვალსაზრისით თქვენც ძალიან კარგად შეგიძლიათ, შეაფასოთ," - აღნიშნა პრემიერმა.