1757437894
ბელარუსში აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ორმხრივი იერიშებისას გაანადგურეს კურსს აცდენილი რამდენიმე დრონი და შექმნილ ვითარებაზე პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებს შეატყობინეს

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ორმხრივი იერიშების დროს გაანადგურეს რამდენიმე დრონი, რომლებიც კურსს ასცდნენ და შექმნილი ვითარების შესახებ პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებს შეატყობინეს.
ამის შესახებ ბელარუსის გენშტაბის უფროსმა, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაველ მურავეიკომ განაცხადა.
ამასთან, მან არ დააკონკრეტა, რომელიც ქვეყნის უპილოტო საფრენ აპარატებზეა საუბარი.
მინისტრის მოადგილის თქმით, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების მოქმედების შედეგად დრონების ნაწილს „კურსი აებნა“ და ბელარუსის საჰაერო სივრცეში მოხვდა. მათი ნაწილი ბელარუსის თავზე ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.
მურავეიკომ ასევე განაცხადა, რომ ღამით ბელარუსულმა მხარემ საჰაერო და რადიოლოკაციურ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებთან გაცვალა. როგორც ბელარუსმა სამხედრო მაღალჩინოსანმა თქვა, ამან პოლონურ მხარეს მისცა დროული რეაგირების საშუალება.
„კომუნიკაციების არსებული არხებით 9 სექტემბრის 23:00 საათიდან 10 სექტემბრის 04:00 საათამდე ჩვენი მორიგე ძალები ახორციელებდნენ საჰაერო და რადიოლოკაციური სიტუაციის შესახებ ინფორმაციის გაცვლას პოლონეთისა და ლიეტუვის მორიგე ძალებთან. ამით მათ მიაწოდეს ინფორმაცია მათი ქვეყნების ტერიტორიებთან დაუდგენელი საფრენი აპარატების მიახლოების შესახებ. ამან პოლონურ მხარეს მისცა შესაძლებლობა, ოპერატიული რეაგირება მოეხდინა დრონების მოქმედებაზე“, – განაცხადა ბელარუსის გენშტაბის უფროსმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ პოლონურმა მხარემ ასევე მიაწოდა ბელარუსის ძალებს ინფორმაცია უკრაინის ტერიტორიიდან ბელარუსის საზღვართან დაუდგენელი საფრენი აპარატებს მიახლოების შესახებ. სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ინფორმაციის ამგვარი გაცვლა ხელს უწყობს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ნდობის აღდგენას.