ამერიკის ახალ ხელისუფლებას აქვს ახალი პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების ნუსხაში აღარ მოხვდა ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, როგორიც არის USAID - გრიგოლ გეგელია

გრიგოლ გეგელია

"მე ვფიქრობ, რომ USAID-ს ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაში, სხვა მხრივ, გამიჭირდება შეფასება ჯამურად საქმიანობის, რადგანაც USAID-ს ბევრი სხვადასხვა ტიპის მიმართულება და პროექტი ჰქონდა" - პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობის ოფიციალურად შეწყვეტას ეხმიანება.

გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოში დემოკრატიის განვითარებას.

"ამერიკის ახალ ხელისუფლებას აქვს ახალი პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების ნუსხაში აღარ მოხვდა ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, როგორიც არის USAID. მე ვფიქრობ, რომ USAID-ს ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაში, სხვა მხრივ, გამიჭირდება შეფასება ჯამურად საქმიანობის, რადგანაც USAID-ს ბევრი სხვადასხვა ტიპის მიმართულება და პროექტი ჰქონდა. იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, სხვადასხვა სერვისების განვითარებას," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

ამასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

"USAID-ის პროგრამის ყოფილი კოორდინატორები თუ ებრძვიან USAID-ს, როცა USAID-ის კოორდინატორები იყვნენ, მაშინ ებრძოლათ, ან არასამთავრობო სექტორში როცა მუშაობდნენ. მათგან განსხვავებით, მე ეს გამოცდილება არ მაქვს, ამიტომაც, ძალიან სამწუხაროა, როცა ადამიანები "რა თანამდებობას იკავებენ, იმის მიხედვით საუბრობენ", - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

USAID-მა მუშაობა ოფიციალურად პირველი ივლისიდან დაასრულა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, პროგრამის მთავარი მიზანი მილიონობით ადამიანისთვის დამოუკიდებლობის მოტანა იყო, თუმცა USAID კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელების ინტერესების გაძლიერებაზე იყო ორიენტირებული.