1751996877
ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის მერი - გია ვოლსკი

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება თვითმმართველობის არჩევნებზეც. პოლიტიკური შეფასებების თემაა კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ არჩევნების მოსაგებად ექვს დიდ ქალაქში იბრძოლებენ, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში არჩევნებს კი ბოიკოტს გამოუცხადებენ.
მისივე თქმით, ოპოზიციას უნდა ჰყავდეს საერთო კანდიდატები, მათ შორის თბილისში, სალომე ზურაბიშვილი. თავად ზურაბიშვილის პოზიცია უცნობია, ელისაშვილის მოსაზრებები გაუგებარი და ალოგიკურია ოპოზიციის ნაწილისთვის. გარედან მიღებულ დირექტივებზე აკეთებს აქცენტს მმართველი გუნდი.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციაში პროცესები იმდენად დაბალი დონით წარიმართება, რომ მასზე სიღრმისეული ანალიზის გაკეთება რთულია.
"ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის მერი. სალომე ზურაბიშვილს სხვა იდეა აქვს, მას აქვს ქარტია და პრეტენზია, წარმოადგინოს პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც მისი თქმით, ევროპისკენ წარუძღვება საქართველოს და ეს გზა უნდა გაიაროს დაპირისპირებებში და სისხლის ღვრაში. ეს არის მისი იდეა და კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" შეუერთდა.
არცერთი ლოზუნგი, რომელსაც ჰქვია რევოლუციის საბოლოო მიზანი, არ შეცვლილა. ზოგი ფიქრობს, არჩევნებში ჩართვით მოახერხებს ამას, ზოგი - საბოტაჟით. იმდენად დაბალი დონეა ამ პოლიტიკური ფაფხურის, რომ ძნელია სიღრმისეული ანალიზი გაკეთდეს. ფაქტია, აჭრილია ოპოზიცია. ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ეფექტური იქნება მარიონეტობაში და ნგრევის პროცესის წარმართვაში, სხვა რესურსი არ გააჩნიათ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.