2025 წელი ტვირთბრუნვის თვალსაზრისით რეკორდული იყო. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2026 წლის ივნისიდან სრულად ამოქმედდა, რამაც გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაზარდა - თამარ იოსელიანი

თამარ იოსელიანი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ ფორუმში "შუა დერეფანი: მომდევნო ეტაპი" მიიღო მონაწილეობა და პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.

თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის განვითარების სტრატეგიულ მნიშვნელობას და ყურადღება იმ ძირითად პროექტებსა თუ რეფორმებზე გაამახვილა, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს აქვს ტრანსპორტის სექტორის 10-წლიანი განვითარების გეგმა, რომლის ფარგლებშიც ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი დოლარის ინვესტირება განხორციელდება. ეს გეგმა, პორტებსა და რკინიგზასთან ერთად, აეროპორტებსაც მოიცავს.

"ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, ჩვენ ასევე ვმუშაობთ გაციფროვნებაზე ახალი თაობის დერეფნის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ 2025 წელი ტვირთბრუნვის თვალსაზრისით რეკორდული იყო, სადაც ციფრული ტექნოლოგიების როლიც სრულად გვაქვს გათვალისწინებული. ჩვენ დავასრულეთ რკინიგზის მოდერნიზაცია. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2026 წლის ივნისიდან სრულად ამოქმედდა, რამაც გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაზარდა. ასევე ვმუშაობთ პორტების განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ, სახელმწიფოს ძალისხმევასთან ერთად, ფოთის პორტში მოქმედი კერძო პარტნიორებიც ავითარებენ და აფართოებენ თავიანთ სიმძლავრეებს, რათა საქართველო კიდევ უფრო სანდო პარტნიორი გახდეს შუა დერეფანში. ამასთან, საქართველოს რკინიგზაში ისტორიული მოდერნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. 2026 წლის განმავლობაში 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და დარგის შემდგომი განვითარებისთვის", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

✕