1744059571
ზელენსკი: უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტულ შინაარსზე უკვე ვმუშაობთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მშვიდობისკენ მიმავალი გზა რეალობად ვაქციოთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ, პარტნიორებთან ერთად, უკრაინა უკვე მუშაობს უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტულ შინაარსზე, – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
ზელენსკიმ გუშინ ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებებს ომის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ დღეს ისევ გაიმართება მოლაპარაკებები ლიდერების დონეზე.
„გუშინ ვაშინგტონში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან. ეს იყო ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯი ომის დასრულების, უკრაინისა და ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. ჩვენ უკვე ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტულ შინაარსზე. დღეს ვაგრძელებთ კოორდინაციას ლიდერების დონეზე. იქნება დისკუსიები და ვამზადებთ შესაბამის ფორმატებს. გავაგრძელებთ მუშაობას ხვალაც. ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებიც მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან. უსაფრთხოების გარანტიები იქნება. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს თავიანთი სიმტკიცისა და მხარდაჭერისთვის. უკრაინა გრძნობს ამ ძალას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მშვიდობისკენ მიმავალი გზა რეალობად ვაქციოთ – პარტნიორობის, უსაფრთხოების გარანტიების და უკრაინელი ხალხის გამბედაობის მეშვეობით“, – წერს ზელენსკი.
დღეს დაგეგმილია „მსურველთა კოალიციისა“ და ევროპული საბჭოს ლიდერების ონლაინ შეხვედრა.