ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით დროს ფუჭად ვხარჯავთ, პუტინს მოსწონს, რასაც აკეთებენ აქ მისი მეგობრები - მანფრედ ვებერი

მანფრედ ვებერი

ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა, მანფრედ ვებერმა ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ წარდგენილი უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს „დროის ფუჭი ხარჯვაა“.

„ამ უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით ჩვენ დროს ფუჭად ვხარჯავთ. პუტინს მოსწონს, რასაც აკეთებენ მისი მეგობრები აქ“, – აღნიშნა ვებერმა და განაცხადა, რომ ევროპის სახალხო პარტია ერთსულოვნად იმოქმედებს უნდობლობის გამოცხადების ინიციატივის წინააღმდეგ.

მანფრედ ვებერმა სამი მთავარი არგუმენტი დაასახელა ფონ დერ ლაიენის მხარდასაჭერად. პირველ რიგში, ვებერმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გამო „მილიონობით სამუშაო ადგილია საფრთხეში“, ხოლო ფონ დერ ლაიენი „ევროპელების სამუშაო ადგილებს იცავს“.

მეორე არგუმენტი ეხებოდა ევროპის მომავალ ბიუჯეტს. ვებერმა განაცხადა, რომ „მილიონობით ფერმერისა და მკვლევრის მომავალი ევროპულ ფონდებზეა დამოკიდებული“, ხოლო უნდობლობის ინიციატივა ვებერის თქმით, „ფერმერების, გადამხდელებისა და მკვლევრების ინტერესების წინააღმდეგ მიმართულია“.

მესამე არგუმენტი უსაფრთხოების საკითხს ეხებოდა. ვებერმა განაცხადა.

„პუტინი ყოველდღიურად გვცდის. ჩვენ უნდა გვქონდეს ევროპული თავდაცვის საყრდენი. პუტინის ამბიციები უკრაინაზე გაცილებით შორს მიდის“,- განაცხადა ვებერმა.

ამასთან, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა გერმანული „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და რუმინული „ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის“ პარტიები დაადანაშაულა, რომ ისინი „პუტინის მარიონეტები არიან“.