უკრაინა მზადაა, თავი შეიკავოს თავდასხმებისგან, მხოლოდ რუსებთანაა კითხვა, რა სურთ მათ - ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინა მზადაა, თავი შეიკავოს თავდასხმებისგან, მხოლოდ რუსებთანაა კითხვა, რა სურთ მათ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ყოველდღიური მიმართვისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს თავდასხმებისგან თავის შეკავება შესთავაზა, რაზეც უკრაინა თანახმაა.

„ჟენევაში მოლაპარაკებების დაწყებას რუსეთი დარტყმით ხვდება. ეს ძალიან ნათლად აჩვენებს, რა სურს რუსეთს და რაზეა ორიენტირებული. დღეს თითქმის 400-ზე მეტი დრონი იყო. დელეგაცია დღეს ჟენევაში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ მოხსენებას წარადგენს. ბიჭებმა აუცილებლად უნდა წამოჭრან ამ დარტყმების საკითხი. კითხვა, პირველ რიგში, ამერიკული მხარისთვის, რომელმაც როგორც ჩვენ, ასევე რუსეთს შესთავაზა თავდასხმებისგან თავის შეკავება. უკრაინა მზადაა. ჩვენ არ გვჭირდება ომი და ყოველთვის ვმოქმედებთ სარკისებური პრინციპით: ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს დამოუკიდებლობას. ჩვენ ასევე მზად ვართ, სწრაფად გადავიდეთ ღირსეული შეთანხმებისკენ ომის დასასრულებლად. მხოლოდ რუსებთანაა კითხვა – რა სურთ მათ?“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, 17 თებერვალს გამოყენებული ყველა რუსული რაკეტა და დრონი შეიცავდა ასობით კომპონენტს, რომლებსაც რუსეთი თავად არ აწარმოებს.

„თითოეული „შაჰედის“ რაკეტა შეიცავს ასობით ისეთ კომპონენტს, რომლებიც რუსეთში სხვა ქვეყნებიდან არის იმპორტირებული და, სხვათა შორის, არა მხოლოდ ჩინურს. ისინი ასევე შედის ევროპიდან, ამერიკიდან და იაპონიიდან. არა მხოლოდ ჩვენთვის, უკრაინაში, არამედ ზოგადად გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ეფექტურად დაბლოკონ რუსეთში იარაღის წარმოებისთვის კრიტიკული კომპონენტების მიწოდების ჯაჭვები. ასევე, რომ თავად კომპანიებმა უკეთ აკონტროლონ, სად ხვდება მათი კომპონენტები. რუსეთს არაფრის გაკეთება არ შეუძლია მსოფლიოსთან ასეთი კავშირების გარეშე: მათ არ შეუძლიათ, ძლიერები იყვნენ სრულ იზოლაციაში. სწორედ ამიტომ, ბლოკადამ და ზეწოლამ შეიძლება, აგრესორი პოლიტიკის შეცვლისკენ წაახალისოს, მაგრამ ეს მსოფლიოს მონდომებაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.