ტრამპის თქმით, პუტინთან დარეკვას მას ევროპელი ლიდერები სთხოვდნენ, ვინაიდან ის მათ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა

ოფიციალურმა მოსკოვმა პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი უარყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების ლიდერები მას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დარეკვას სთხოვდნენ, რადგან ამბობდნენ, რომ ის მათ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.

ტრამპმა აგრეთვე აღნიშნა, რომ პუტინს მთლიანი უკრაინის დაპყრობაზე უარის თქმა მოუწევს.

„მე რომ არ ჩავრეულიყავი, ისინი [რუსეთი] ახლა მთელი უკრაინისთვის იბრძოლებდნენ. რუსეთს არ სურს ის ხაზი, რომელიც ახლა აქვს. რუსეთს მთელი უკრაინა სურს. მე რომ არ ვყოფილიყავი, ისინი ამას გააგრძელებდნენ. იცით, ევროკავშირის ლიდერებმა რამდენჯერ მთხოვეს დამერეკა პუტინისთვის? იმიტომ რომ ის მათ ზარებს არ პასუხობდა“, - თქვა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, პუტინთან საუბრისას მან იკითხა, ურეკავდა თუ არა მას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სამი წლის მანძილზე, რაზეც პასუხად მიიღო, რომ არა.

„ამასობაში ათასობით ჯარისკაცი კვდება - ასობით, მილიონობით, არა მხოლოდ სამხედრო. ადამიანები კვდებიან ქალაქებში, სოფლებში, ამ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა ნადგურდება. მხედველობაში მაქვს ის, რომ ამ ქვეყნის მემკვიდრეობა უბრალოდ ნადგურდება“, - თქვა ტრამპმა.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, მას გარკვეული დრო სჭირდება, რათა გაიგოს, პუტინი მას აბრიყვებს, თუ არა.

„ამის შესახებ ერთ თვეში, ან რამდენიმე კვირაში გეტყვით. ჯერ არ ვიცი. ერთი რამის თქმა შემიძლია დანამდვილებით: მისი ამბიციები ჩაცხრა, როცა ის მიხვდა, რომ მე სიტუაციას ვაკონტროლებ. ევროპაში ის სერიოზულად არავის აღიქვამდა, ის მათ არც ურეკავდა“, - განაცხადა ტრამპმა.