The Washington Post: აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ტრამპის ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ძირს გამოუთხრის ტრამპის ძალისხმევას, ირანთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს

ბენიამინ ნეთანიაჰუ

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ტრამპის ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ძირს გამოუთხრის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას, ირანთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post აშშ-ის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, სადაზვერვო ანგარიშების თანახმად, ისრაელი, როგორც ჩანს, მტკიცედ არის განწყობილი, გააგრძელოს სამხედრო ოპერაციები ირანის მოკავშირე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ლიბანში. ეს მიზანი ეწინააღმდეგება ახლად მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთ მთავარ პირობას, რომელიც ამ ქვეყანაში საომარი მოქმედებების დასრულებას ითვალისწინებს.

აღნიშნული ანალიზი იმ დროს გავრცელდა, როდესაც ნეთანიაჰუს მთავრობასა და ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის დაძაბულობა იზრდება. ადმინისტრაციის წევრებმა საჯაროდ გააფრთხილეს ისრაელი, თავი შეიკავოს „ჰეზბოლაზე“ იმგვარი თავდასხმებისგან, რამაც შესაძლოა ტრამპის შეთანხმება ჩაშალოს.

თუ ნეთანიაჰუ ლიბანში სამხედრო კამპანიას გააძლიერებს, ის საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ოთხშაბათს აშშ-სა და ირანს შორის ხელმოწერილი შეთანხმების საფუძვლებს, არამედ შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს ურთიერთობა ამერიკის პრეზიდენტთან.

აშშ-ის დაზვერვის ახალი ანგარიშის თანახმად, შემოდგომაზე დაგეგმილი საყოველთაო არჩევნების ფონზე, ნეთანიაჰუს პოლიტიკური გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, დაანახებს თუ არა საკუთარ ამომრჩეველს, რომ ლიბანიდან ჯარებს არ გაიყვანს და „ჰეზბოლასთან“ ბრძოლის ესკალაციას გეგმავს. ამის შესახებ ანგარიშის დეტალების მცოდნე ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა. აღნიშნულმა პირმა, ისევე როგორც სხვა რესპონდენტებმა, კომენტარის გაკეთება ანონიმურობის პირობით არჩია, საკითხის მგრძნობიარე ხასიათიდან გამომდინარე.

აშშ-ის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების განცხადებით, სადაზვერვო ანგარიშში ასევე აღწერილია ისრაელის უკმაყოფილება ტრამპის სამშვიდობო მემორანდუმის პირობების გამო, რაც ხელს უშლის ისრაელის უფრო ფართო მიზანს - შეინარჩუნოს მაქსიმალური ზეწოლა თეირანზე.

როგორც ერთმა ყოფილმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, ანგარიშში ასახულია ისრაელის განწყობა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულმა შეთანხმებამ შესაძლოა შეზღუდოს ქვეყნის შესაძლებლობა, დაიცვას თავი „ჰეზბოლასგან“.