უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნავროცკის ნაბიჯს სტრატეგიული შეცდომა უწოდა, რომლითაც მხოლოდ მოსკოვი იხეირებს

ანდრეი სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ პოლონეთს დაუბრუნებს თავის ჯილდოს მას შემდეგ, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა.

სიბიგამ ნავროცკის ნაბიჯს სტრატეგიული შეცდომა უწოდა, რომლითაც მხოლოდ მოსკოვი იხეირებს.

„გვწყდება გული, რომ ვარშავაში ემოციებმა იმარჯვა და პოლონელი პოლიტიკოსები აიძულა გადაედგათ გაუმართლებელი და იმპულსური ნაბიჯები არა მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის, არამედ, პირველ რიგში, უკრაინის სახელმწიფოს მიმართ. ასეთი გაუაზრებელი ქმედებების ფონზე, მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, შევინარჩუნო 2022 წლის ოქტომბერში მინიჭებული პოლონეთის რესპუბლიკის მაღალი სახელმწიფო ჯილდო - „პოლონეთის წინაშე დამსახურებისთვის“ ორდენის ვარსკვლავიანი კომანდორის ჯვარი. მალე მას პოლონეთს დავუბრუნებ“, - დაწერა სიბიგამ.

მან განაცხადა, რომ საქმე ორდენებში კი არა, დამოკიდებულებაშია და უკრაინა ყოველთვის გამოდიოდა ურთიერთპატივისცემის პრინციპით - მაშინაც კი, როდესაც საქმე რთულ და პრობლემურ თემებს ეხებოდა.