The Financial Times: უკრაინა არ მიიღებს შეთანხმებას, რომელიც რუსეთისთვის ტერიტორიულ დათმობებს გულისხმობს

ნკ

უკრაინამ ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებს განუცხადა, რომ არ მიიღებს ისეთი სამშვიდობო შეთანხმების პირობებს, სადაც რუსეთისთვის ტერიტორიულ დათმობებზე იქნება საუბარი. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს, რომელსაც კიევის მიერ მომზადებული პროექტი ჩაუვარდა ხელში.

დოკუმენტის თანახმად, კიევი აგრეთვე უარს ამბობს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინადადებაზე, რომელიც მან 15 აგვისტოს ალასკაზე გამართული შეხვედრის დროს აშშ-ის ლიდერს დონალდ ტრამპს შესთავაზა. პუტინმა თეთრი სახლის ლიდერს ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა, თუ უკრაინა მთლიანად გაიყვანს ჯარებს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებიდან.

კიევში ფიქრობენ, რომ ეს შექმნის პლაცდარმს ქალაქ დნიპრომდე რუსული ჯარების სწრაფი წინსვლისთვის.

უკრაინა აგრეთვე აპირებს, რომ რუსეთისგან მიყენებული ზიანის გამო კომპენსაცია მოითხოვოს გაყინული რუსული აქტივების სახით, რომელთა საერთო მოცულობა 300 მილიარდ დოლარს შეადგენს. „სანქციების ნებისმიერი შესუსტება იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ რუსეთი მომავალ სამშვიდობო შეთანხმებას დაიცავს და „სამართლიან თამაშს ითამაშებს“, - ციტირებს გამოცემა ამონარიდს უკრაინული პროექტიდან.

კიევის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ „ძლიერი მშვიდობა უნდა ეფუძნებოდეს არა დათმობებსა და პუტინისთვის გაკეთებულ უფასო საჩუქრებს, არამედ უსაფრთხოების ძლიერ სისტემას, რომელიც მომავალში აგრესიას გამორიცხავს“. აქედან გამომდინარე, როგორც The Financial Times-ი წერს, უკრაინას სურს აშშ-თან 100 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღების შესყიდვის და 50 მილიარდი დოლარის დრონების ერთობლივი წარმოების კონტრაქტები გააფორმოს.