ტაჯიკეთი საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანაა და არ შეასრულა ვალდებულებები პუტინის დაკავების ორდერის აღსრულებასთან დაკავშირებით - ევროკომისია

ევროკომისია

ტაჯიკეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანაა და არ შეასრულა სტატუტით ნაკისრი ვალდებულებები პუტინის დაკავების ორდერის აღსრულებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაში.

„რუსეთის პრეზიდენტი ტაჯიკეთში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაპატიმრების ორდერია გაცემული. ტაჯიკეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოა და არ შეასრულა სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები დაპატიმრების ორდერის აღსრულების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაშია აღნიშნული, ვლადიმერ პუტინის მიმართ გაცემულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაპატიმრების ორდერი საერთაშორისო დანაშაულებისთვის, კერძოდ, უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიის ომის კონტექსტში ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და უკანონო გადაყვანის სავარაუდო დანაშაულებისთვის.

განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთის აგრესიის შედეგად ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ძალადობისთვის, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას, ასევე მსხვერპლთა სამართლიანობისა და რეპარაციების უფლებებს. ამ მხრივ, ევროკავშირი აგრძელებს უკრაინაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ წარმოებული გამოძიების მხარდაჭერას და ყველა სახელმწიფოს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტაშკენტში რუსეთი-ცენტრალური აზიის სამიტში მონაწილეობს.