1781607543
სასამართლომ ალფონს მამაკაცს 7 წლით ციხე მიუსაჯა - შეყვარებული ქალებისთვის მიყენებული ზარალი კი მილიონ დოლარზე მეტია
სინგაპურის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა მიანმარელ 31 წლის მიო კიაუს, რომელმაც თაღლითური გზით სამი ქალის ფულადი სახსრები მიითვისა. მიყენებულმა საერთო ზარალმა 1,24 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, იუწყება პორტალი Mothership-ი.
მამაკაცი ქვეყანაში 2021 წელს გადავიდა საცხოვრებლად და თავიდან ფინანსურ კონსულტანტად მუშაობდა. მოგვიანებით მან ბიზნესს მიჰყო ხელი, ხოლო 2022 წელს ოფიციალურად დაქორწინდა და ორი შვილი შეეძინა. პარალელურად, როგორც სასამართლომ დაადგინა, კიაუმ რომანი გააბა ორ მალაიზიელ (44 და 45 წლის) და ერთ ჩინელ (35 წლის) ქალთან.
პირველ პარტნიორს აფერისტი მამის გარდაცვალებისა და სამკვიდრო დავის შესახებ გამოგონილ ამბავს უყვებოდა. ვითომდა სასამართლო ხარჯების დასაფარად, მან ქალს 500 ათასზე მეტი სინგაპურული დოლარი გამოართვა. მანიპულაციების დასამალად ის ყალბ დოკუმენტებს იყენებდა. მომდევნო რჩეული ბოროტმოქმედმა დაარწმუნა, რომ ფული მის ავსტრალიურ (სინამდვილეში კი არარსებულ) ბიზნესში ჩაედო და მალე ქორწილსაც ჰპირდებოდა. ამ ქალბატონმა დაახლოებით 360 ათასი დაკარგა. მესამე მსხვერპლმა კი, მაღალშემოსავლიანი ინვესტიციების შესახებ ზღაპრების დაჯერების შემდეგ, თაღლითს თითქმის 770 ათასი დოლარი მისცა.
დაზარალებულებმა ფაქტობრივად მთელი თავიანთი დანაზოგი დაკარგეს. მეორე ქალი დაორსულდა, თუმცა ტყუილის გამოაშკარავების შემდეგ მუცელი მოეშალა, რამაც მას მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა.
ბრალდებულმა დანაშაული მისთვის წარდგენილი 21 ეპიზოდიდან მხოლოდ შვიდში აღიარა. სასამართლომ მას 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების დარჩენილ პუნქტებზე სამართალწარმოება კვლავ გრძელდება.












