ესპანელი ჟურნალისტი ილია თოფურიას შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

ილია თოფურია

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯისთან გამართული მძიმე ბრძოლის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და, გავრცელებული ინფორმაციით, ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდება.

ესპანელი ჟურნალისტის, ირატი პრატის ინფორმაციით, ვაშინგტონში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, თუმცა ოპერაციის საჭიროება არ არსებობს.

„კარგი ამბავი ვაშინგტონიდან: ილია თოფურია კარგადაა. ისვენებს. ვაშინგტონის საავადმყოფოდან, სადაც მან ღამე გაატარა, ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიის საბოლოო შედეგების მოლოდინში, დასტურდება, რომ ილიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საერთოდ არ არის საჭირო. დასვენების დრო და სულ ესაა. ეს არის ის, რაც მათ მითხრეს“, - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართულ ბრძოლაში თოფურია ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდა. დაძაბულ ორთაბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა პროფესიულ კარიერაში პირველი მარცხი განიცადა, რის შედეგადაც დაუმარცხებელი სტატუსი და საჩემპიონო ქამარი დაკარგა.

ბრძოლის მიმდინარეობისას თოფურიამ სახისა და თვალის არეში დაზიანებები მიიღო. მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში მეტოქეს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ აღდგენის შემდეგ უფრო ძლიერი დაბრუნდება.

ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენს მხოლოდ დასვენება და რეაბილიტაცია სჭირდება, რის შემდეგაც ის ვარჯიშების განახლებას შეძლებს.