რუსეთს მშვიდობა თუ მართლა უნდა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი, რატომ უნდა ველოდოთ 8 მაისამდე? - სიბიგა

ანდრეი სიბიგა

რუსეთს მშვიდობა თუ მართლა უნდა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი, რატომ უნდა ველოდოთ 8 მაისამდე? – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა კრემლის განცხადებას 8 მაისს „ცეცხლის შეწყვეტის“ ცალმხრივად გამოცხადების შესახებ.

„თუ რუსეთს მართლა სურს მშვიდობა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი. რატომ უნდა ველოდოთ 8 მაისამდე? თუ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია უკვე ახლა და სიჩუმის შენარჩუნება ნებისმიერი 30 დღის განმავლობაში – ეს იქნება რეალური ნაბიჯი და არა უბრალოდ ჟესტი აღლუმისთვის“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მზადაა, მხარი დაუჭიროს ცეცხლის ხანგრძლივ, მდგრად და სრულ შეწყვეტას.

„ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ ამას – მინიმუმ, 30 დღის განმავლობაში“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.