რომში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია

რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

რომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიის ცნობით, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას, რომელიც შაბათს გაიმართება, 200 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება. მათ შორის იქნებიან მსოფლიოს ლიდერები, კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ესპანეთიდან, შვედეთიდან და ბელგიიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები.

რომის პოლიციის ცნობით, წმინდა პეტრეს მოედანზე დაახლოებით 2 000 ადგილობრივი პოლიციელი იქნება განთავსებული, რომლებსაც შეუერთდება ეროვნული უსაფრთხოების ძალების ათასობით ოფიცერი.

როგორც „როიტერი“ წერს, პოლიციის ანონიმური წყაროს ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომები მოიცავს სნაიპერებსაც. შაბათს ვატიკანის ირგვლივ ქუჩები დახურული იქნება ნებისმიერი სახის ტრანსპორტისთვის.

დაკრძალვის ცერემონია შაბათს, დილით, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. რომის პაპის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ვატიკანმა ინსულტი დაასახელა. ფრანცისკე იქნება პირველი პაპი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის გარეთ, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.