ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1751574709
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ ასამბლეის ხუთდღიანი მუშაობა შეაჯამა. მან დელეგატებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და „პორტოს დეკლარაციის“ მიღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მონტელამ აღნიშნა, რომ დეკლარაციის ტექსტი ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მინისტრებს უახლოეს დროში გადაეგზავნებათ და იმედი გამოთქვა, რომ მას მინისტრების დონეზეც მიიღებენ. გენერალურმა მიდვანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეუთოს მინისტრების დონეზე დეკლარაცია 2002 წლიდან არ მიუღია, რადგან ამისთვის ყველა წევრის კონსენსუსია საჭირო და ასევე ორგანიზაციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
„ეუთო არ არის ერთნაირი მოსაზრებების მქონე ქვეყნების ორგანიზაცია. ჩვენ არ ვართ ნატო, ჩვენ არ ვართ მოკავშირეები. ეს არის 1975 წელს, მტრების მიერ შექმნილი ორგანიზაცია - იმ ქვეყნების მიერ, რომლებსაც ერთმანეთთან პრობლემები ჰქონდათ. ჩვენ გვაქვს საქმე ქვეყნებთან, რომლებსაც ერთმანეთთან უთანხმოებები აქვთ. მაგრამ ამ ორგანიზაციაში ტექნიკურად არ გვაქვს ვინმეს გარიცხვის, დიალოგში არ ჩართვის ინსტრუმენტები. თუ მხოლოდ იმ ქვეყნებს დაველაპარაკებით, რომლებიც უმწიკვლოდ ასრულებენ ეუთოს ვალდებულებებს... იტალიაში არის სიმღერა „4 მეგობარი ბარში“, ჩვენც იქ ვიქნებით - მხოლოდ 4-5 ქვეყანა შევხვდებით ერთმანეთს. მოვისმინე სიტყვები, რომლებსაც მასწავლებლები ურჩ მოსწავლეებს ეუბნებიან ხოლმე. აქ მასწავლებლები და მოსწავლეები არ არიან. არ არიან ზნეობრივი და უზნეო ქვეყნები. ყველა წევრი ქვეყანა თანასწორია. ზოგი ძლიერად, დრამატულადაც არღვევს ვალდებულებებს და ეს უნდა ვუთხრათ და არიან ისინი, ვინც უკეთეს შედეგს აჩვენებს.
მაგრამ ეუთოში გვაქვს შემდეგი ინსტრუმენტები: ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს, ჩვენ შევდივართ დიალოგში. ეს არის ჩვენი მანდატი. თუ ვინმე არასწორად იქცევა, ჩვენ უნდა მივიდეთ და ვუთხრათ: „თქვენ არასწორად იქცევით და ეს უნდა გამოასწოროთ“. ეს არის ჩვენი ამოცანა. ვიცი, რომ დიალოგი ახლა პოპულარული სიტყვა არ არის და ამ დიალოგის დროც განსჯის საგანია. მაგრამ ეს ჩვენს კონსტიტუციაშია გაწერილი. თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ ეს პლატფორმა არ გვჭირდება. შეგვიძლია სხვა ტიპის პლატფორმა ჩამოვაყალიბოთ, მაგრამ ასეთი ორგანიზაციები ხომ უკვე არსებობს და მათ ჩვენზე უკეთესი შესაძლებლობები აქვთ.
თუ ვინმეს მხოლოდ ძალის ენა ესმის, მაშინ ალტერნატივაა გამოიყენოთ ძალა. თუ ამბობთ, რომ ძალას ვერ გამოიყენებთ, მაშინ ნუ სთხოვთ სხვა ორგანოს, რომელიც სწორედ ასეთი ტიპის პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნა, ძალის გამოყენებას, იმიტომ რომ მას ძალა ეს არ აქვს. მათ, ვისაც ძალა აქვთ, მისი გამოყენება არ სურთ. და მერე მათ, ვინც სხვა ტიპის შეთანხმებების მისაღწევად შეიქმნა, ეუბნებიან: „არა, თქვენ გამოიყენეთ ძალა“. ეს უსამართლო და არაეფექტიანია, იმიტომ რომ ჩვენ შედეგის მისაღწევად შაესაძლებლობები არ გვაქვს. ამიტომ, მოდით შევინარჩუნოთ ეუთოს სულისკვეთება ისეთად, როგორიც არის და ამ ორგანიზაციაში ნამდვილად არავინაა მასწავლებელი და მოსწავლე“, - განაცხადა მონტელამ.