Reuters: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირმა რუსული ნავთობის მთავარ მყიდველებს, ინდოეთსა და ჩინეთს, ტარიფები დაუწესოს

ევროკავშირის დროშა

ევროკავშირის ოფიციალური წყაროების ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირმა რუსული ნავთობის მთავარ მყიდველებს, ინდოეთსა და ჩინეთს, გამანადგურებელი ტარიფები დაუწესოს, როგორც ამისკენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ამ კვირაში ევროკავშირის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მთავარი კოორდინატორიც შედიოდა, ვაშინგტონში გაფრინდა, რათა მხარეებს შორის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის გამო დაწესებული სანქციების კოორდინაციაზე ემსჯელათ.

ოფიციალური პირების თქმით, ტრამპმა ევროკავშირს მოუწოდა, ინდოეთსა და ჩინეთს 100%-მდე ტარიფები დაუწესონ, რათა ზეწოლა მოხდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, რომელიც ომის დასაფინანსებლად ენერგომატარებლებიდან მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული.