Reuters: აშშ-ის დაზვერვა მიუთითებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამისთვის მიყენებული ახალი ზიანი შეზღუდულია

ki

 აშშ-ის დაზვერვის შეფასებები მიუთითებს, რომ დრო, რომელიც ირანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად დასჭირდებოდა, გასული ზაფხულის შემდეგ არ შეცვლილა. სამი ინფორმირებული წყაროს თანახმად, ანალიტიკოსები ჯერ კიდევ მაშინ ვარაუდობდნენ, რომ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმამ ეს ვადები ერთ წლამდე გადაავადა, - წერს სააგენტო Reuters-ი.

თეირანის ბირთვული პროგრამის შეფასებები მეტწილად უცვლელი რჩება იმ ორთვიანი ომის შემდეგაც კი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნაწილობრივ სწორედ იმ მიზნით წამოიწყო, რომ ისლამური რესპუბლიკისთვის ბირთვული ბომბის შექმნაში ხელი შეეშალა.

აშშ-ისა და ისრაელის ბოლო შეტევები, რომლებიც 28 თებერვალს დაიწყო, ფოკუსირებული იყო ჩვეულებრივ სამხედრო სამიზნეებზე, თუმცა ისრაელმა არაერთ მნიშვნელოვან ბირთვულ ობიექტსაც დაარტყა.

ვადების უცვლელობა მიუთითებს იმაზე, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის მნიშვნელოვანი შეფერხებისთვის, შესაძლოა, საჭირო გახდეს ირანის ხელთ არსებული გამდიდრებული ურანის დარჩენილი მარაგების განადგურება ან გატანა.

საომარი მოქმედებები მას შემდეგ გაჩერდა, რაც 28 აპრილს აშშ და ირანი მშვიდობის დამყარების მიზნით ზავზე შეთანხმდნენ. დაძაბულობა კვლავ მაღალია, რადგან მხარეები მკვეთრად დაპირისპირებულნი რჩებიან; ამასთან, ირანმა ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა შეაფერხა, რითაც მსოფლიო ნავთობის მარაგების დაახლოებით 20%-ის ტრანსპორტირება დაბლოკა და გლობალური ენერგოკრიზისი გამოიწვია.

თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა საჯაროდ განაცხადა, რომ აშშ-ის მიზანია, თეირანთან მიმდინარე მოლაპარაკებების გზით უზრუნველყოს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს.

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა გასული წლის ივნისის 12-დღიან ომამდე დაასკვნეს, რომ ირანს, სავარაუდოდ, შეეძლო იარაღისთვის საკმარისი ხარისხის ურანის წარმოება და ბომბის აგება დაახლოებით სამიდან ექვს თვეში. ამის შესახებ ინფორმაციას ორი წყარო აწვდის გამოცემას, რომლებმაც აშშ-ის დაზვერვის საკითხების განსახილველად ანონიმურობის დაცვა ითხოვეს.

ივნისში აშშ-ის მიერ განხორციელებული იერიშების შემდეგ, რომელთა სამიზნეც ნათანზის, ფორდოსა და ისპაჰანის ბირთვული კომპლექსები იყო, აშშ-ის დაზვერვის ვარაუდით, აღნიშნული ვადები დაახლოებით ცხრა თვიდან ერთ წლამდე გაიწელა - ამის შესახებ ინფორმაციას ორი წყარო და საქმეში ჩახედული პირი ავრცელებს.

თავდასხმებმა გაანადგურა ან სერიოზულად დააზიანა გამდიდრების სამივე ქარხანა, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, იმ პერიოდში ფუნქციონირებდა. თუმცა, გაეროს ბირთვული ზედამხედველობის სააგენტომ ვერ შეძლო 60%-მდე გამდიდრებული დაახლოებით 440 კილოგრამი ურანის ადგილსამყოფელის დადგენა. სააგენტოს მიაჩნია, რომ ამ მარაგის დაახლოებით ნახევარი ისპაჰანის ბირთვული კვლევის ცენტრის მიწისქვეშა გვირაბების კომპლექსში ინახებოდა, თუმცა ინსპექტირების შეჩერების გამო ამის დადასტურება ვერ მოხერხდა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, მაღალგამდიდრებული ურანის მთლიანი მარაგი, შემდგომი გამდიდრების შემთხვევაში, 10 ბომბისთვის იქნება საკმარისი.