Reseau International: ურსულა ფონ დერ ლაიენს მოკავშირეებიც კი ზურგს აქცევენ

ურსულა ფონ დერ ლაიენი

შავი ღრუბლები გროვდება ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თავზე - ევროპარლამენტში საკმარისი ხმები შეგროვდა მისი იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად, მანამდე ფონ დერ ლაიენი იმარჯვებდა მტრებზე, ახლა კი მტრები ზედმეტად ბევრნი არიან, - წერს ფრანგული გამოცემა Reseau International.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის ბრიუსელში ბოლო დღეებში დასმულ უხერხულ კითხვებს შორის, სამი უმთავრესია და ყველა მათგანი ფულს ეხება“.

„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი Pfizer-ის COVID-საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვის სკანდალს ეხება. 35 მილიარდი დოლარი 1.8 მილიარდ დოზაში: რატომ ამდენი? ეს აღემატებოდა ევროკავშირის საჭიროებებს, თუნდაც იმ დაშვებით, რომ მას ნამდვილად სჭირდებოდა ამერიკული კომპანიის პრეპარატები, რომელიც პანდემიის ისტორიაში მრავალი იდუმალი „გვერდითი ეფექტით“ შევიდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სასამართლო ინსტანციებს არ სურდათ ამ კითხვის დასმა ფონ დერ ლაიენისთვის, მაგრამ შემდეგ საქმე სხვადასხვა დონეზე განვითარდა და ევროპამ შეიტყო, რომ „საუკუნის გარიგების“ შეთანხმება ევროკომისიისა და Pfizer-ის ხელმძღვანელებს შორის მესენჯერით დაიდო. ფონ დერ ლაიენმა უარი განაცხადა მიმოწერა წარმოედგინა, რადგან არცერთი კანონი არ ავალდებულებს ამას. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ კანონი მაინც არსებობდა, მიმოწერა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ დოკუმენტების მიმოქცევის ნაწილად უნდა განხილულიყო. მიმოწერა, სავარაუდოდ, წაშლილი, დაკარგული ან განადგურებულია. ურსულა ფონ დერ ლაიენს არ შეუძლია მისი ჩვენება, თუმცა ვალდებულია. ბრიუსელის თვალსაზრისით, ევროკომისიის პრეზიდენტს მტკიცებულებების დამალვის განზრახვა არ ჰქონია, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება. თუმცა, ევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ მათ უკვე საკმარისად იციან. ვინაიდან სასამართლომ მნიშვნელოვანი მონაცემების დამალვა უკანონოდ ცნო, ფონ დერ ლაიენის მიმართ უნდობლობის ვოტუმის წინადადება კენჭისყრაზე დადგება“, - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მეორე საკითხი „ფარმაცევტულ გარიგებაზე“ გაცილებით დიდ თანხას, 150 მილიარდ ევროს ეხება, თუმცა ეს ფული ჯერ არ დახარჯულა. საუბარია ევროკავშირში რესურსების განაწილებაზე: ფონ დერ ლაიენმა გახსნა ევროზონაში ეკონომიკური კრიზისის შემთხვევაში შექმნილი ყულაბა, თუმცა ის ევროპის მილიტარიზაციას მოხმარდება „განსაკუთრებული გარემოებების“, ანუ რუსეთის გამო.

ევროპარლამენტარების აზრით, ამით ევროკომისიამ გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებებს და დაარღვია ევროკავშირის შექმნის ფუნდამენტური ხელშეკრულება. თუმცა, ეს ბრალდება არ არის სისხლის სამართლის, არამედ პოლიტიკური ხასიათის. ის ერთგვარად ამყარებს პირველ, უფრო მნიშვნელოვან ბრალდებას, რომელიც კორუფციას ენათესავება.

მესამე საკითხმა განხეთქილება გამოიწვია ევროპარლამენტის კოალიციაში, რომელსაც ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ევროკომისია ეყრდნობა.

ფული არ არის და რაღაც მსხვერპლად უნდა მოიტანონ. ფონ დერ ლაიენმა გადაწყვიტა, რომ მსხვერპლად შეეწირა მწვანე ეკონომიკაზე დაჩქარებული გადასვლა, რადგან ეს სიამოვნება ძვირია და უმჯობესია მისი უკეთეს დრომდე გადადება, მაშინ როცა ახლა ტრადიციული ენერგორესურსებიც კი ძვირი ღირს.

„თუმცა, ის არ დაეცემა. რაოდენ ბევრიც არ უნდა იყოს პრეტენზია ფონ დერ ლაიენის მიმართ ტრადიციული პოლიტიკური ძალების მხრიდან, ისინი არ ითამაშებენ მათ სასარგებლოდ, ვინც სძულთ, ვისაც ულტრამემარჯვენეებს უწოდებენ და მოსკოვისთვის მუშაობაში ადანაშაულებენ. ევროკომისიის გადაყენება არა ათობით, არამედ რამდენიმე ასეულ ევროპარლამენტარის ხმას მოითხოვს. ფონ დერ ლაიენი ცნობილია პოლიტიკური გადარჩენის საოცარი უნარით. წარუმატებლობები და შეცდომები, რომლებიც მის კარიერას თან ახლდა, სხვების კარიერას სრულად გაანადგურებდა, მაგრამ არა მისას. მას მხოლოდ იმან შეიძლება შეუქმნას საფრთხე, რომ პრეტენზიების რაოდენობა ერთ დღეს ხარისხში გადავა: დაგროვილი ბრალდებებისა და უთანხმოების გამო ევროკავშირის მმართველობის სისტემა დაიბლოკება, რის შემდეგაც ევროკომისარმა თანამდებობა უნდა დატოვოს. არ აქვს მნიშვნელობა, როდის მოხდება ეს - ადრე თუ გვიან, ნაადრევად თუ 2029 წელს, როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენის უფლებამოსილების ვადა ამოიწურება“, - ნათქვამია სტატიაში.