რეჯეფ თაიფ ერდოღანი: დონალდ ტრამპმა გამოავლინა საჭირო პოლიტიკური ნება, რათა ისრაელი ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებულიყო, ყურადღებით დავაკვირდებით შეთანხმების შესრულებას

თურქეთის პრეზიდენტი

მოხარული ვარ, რომ შარმ ელ-შეიხში გამართული „ჰამას“-ისრაელის მოლაპარაკებები, რომელშიც ჩვენ, თურქეთმა წვლილი შევიტანეთ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტით დასრულდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს.

ერდოღანის თქმით, თურქეთი ყურადღებით დააკვირდება შეთანხმების შესრულებას.

„მინდა, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ, რომელმაც გამოავლინა საჭირო პოლიტიკური ნება, რათა ისრაელის მთავრობა ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებულიყო, და განსაკუთრებით ჩვენი მოძმე ქვეყნების, კატარისა და ეგვიპტის მიმართ, რომლებმაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაგვიწიეს შეთანხმების მიღწევაში. როგორც თურქეთი, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით შეთანხმების შესრულებას და გავაგრძელებთ პროცესში წვლილის შეტანას. ასევე, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე პალესტინაში 1967 წლის საზღვრების საფუძველზე არ შეიქმნება დამოუკიდებელი, სუვერენული და გეოგრაფიულად ინტეგრირებული პალესტინის სახელმწიფო, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება. გულწრფელად ვულოცავ ჩემს პალესტინელ ძმებსა და დებს, რომლებმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში აღუწერელი ტკივილი განიცადეს, რომლებიც არაადამიანურ პირობებში იბრძოდნენ სიცოცხლისა და ღირსებისთვის, რომლებმაც დაკარგეს შვილები, დედები, მამები, ნათესავები, მეგობრები და რომლებმაც არ დათმეს თავიანთი ღირსეული პოზიცია ყველა განცდილი ტრაგედიის მიუხედავად“, – წერს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს აშშ-ის სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. „ყველა მძევალს მალე გაათავისუფლებენ და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.