„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
პრეზიდენტ ზელენსკის სურს „პოლიტიკური ველისგან ნებისმიერი კონკურენტის მოცილება“ და უკრაინის რკინის ხელით მართვა, - განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ The Times-თან ინტერვიუში. ზელენსკის პოლიტიკურმა ოპონენტმა, მას „ავტორიტარიზმში“ დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც წელს უკრაინის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა, რამაც შესაძლოა მას არჩევნებში მონაწილეობა შეუზღუდოს.
„რატომ აკეთებს ამას? იმიტომ რომ ვძულვარ ბიოლოგიურ-ქიმიურ დონეზე. და გულწრფელად რომ ვთქვა, მეც არ მიყვარს ზელენსკი. მაგრამ ომის დროს არასდროს დამიწყია მის მიმართ მტრული მოქმედება. მე არჩეული პირი ვარ. მყავს პარლამენტში მეორე ყველაზე დიდი ფრაქცია. და ის ფიქრობს, რომ შეუძლია ძალაუფლების გამოყენებით არ მომცეს საპარლამენტო ასამბლეაში წასვლის უფლება? ეს უბრალოდ კონსტიტუციის დარღვევაა. და რეალურად, რასაც ის აკეთებს, რუსეთში არსებული ვითარებისგან არაფრით განსხვავდება“, - განაცხადა პოროშენკომ.
„მიუხედავად იმისა, რომ კრემლის ავტოკრატიული კონტროლი რუსულ საზოგადოებაზე ძალიან შორსაა უკრაინის მრავალფეროვანი და ხმაურიანი პოლიტიკური სისტემისგან, მზარდი შეშფოთება არსებობს ზელენსკის გარშემო ძალაუფლების კონცენტრაციის გამო, რასაც მისი მხარდამჭერები ქვეყნის რთულ ვითარებას უკავშირებენ.
პოროშენკო, რომელიც პრეზიდენტის პოსტს 2014-2019 წლებში იკავებდა, აცხადებს, რომ ზელენსკის გაკრიტიკება არ სურს და მისთვის მხოლოდ რჩევის მიცემა სურს. თუმცა, რთულია რჩევის კრიტიკისგან განსხვავება, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი თავისი მემკვიდრის მიერ დაშვებულ „ძალიან მძიმე შეცდომებს“ ჩამოთვლას იწყებს, მაგალითად, ოვალური კაბინეტის შეხვედრას პრეზიდენტ ტრამპთან მარტში, რომელსაც პორორშენკო „კატასტროფას„ უწოდებს“, ან ზელენსკის მმართველობაში მზარდ „ავტორიტარიზმს“, რომელიც, მისი თქმით, დემოკრატიას საფრთხეს უქმნის“, - წერს გამოცემა.
პოროშენკო ზელენსკის აშშ-სთან ურთიერთობაში ბენიამინ ნეთანიაჰუსგან ურჩევს მაგალითის აღებას.
პოროშენკომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა, რომლებიც შარშან უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საომარი მდგომარეობის გამო გადაიდო. ომის პირობებში არჩევნების ჩატარებას ლოგისტიკური სირთულეების გათვალისწინებით თავად პოროშენკოც ეწინააღმდეგება, თუმცა მიიჩნევს, რომ მისთვის დაწესებული სანქციები სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება არჩევნებისთვის ემზადება და ცდილობს პოლიტიკური ასპარეზი გაწმინდოს ისე, რომ ზელენსკის კონკურენტები პრაქტიკულად არ ჰყავდეს. პოროშენკოს თქმით, მისთვის დაწესებული სანქციები გაფრთხილებაა ნებისმიერი პოტენციური კანდიდატისთვის: „დღეს პოროშენკო, ხვალ ზალუჟნი, ზეგ ნებისმიერი. ეს არის ავტორიტარიზმი“, - აცხადებს პოროშენკო.
„მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკო ცდილობს თავი ეროვნული კრიზისის პერიოდში ერთიანობის სიმბოლოდ წარმოაჩინოს, იგი ღიად აკრიტიკებს მზარდ ილიბერალიზმს და ყურადღებას ამახვილებს როგორც მედიისა და საზოგადოებრივი აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ შეზღუდვებზე, ასევე ბიზნესებზე ზეწოლაზე.
პოროშენკოს ასეთ მიდგომა სარისკოა, რადგან შეიძლება როგორც კრემლის, ისე აშშ-ის იზოლაციონისტების წისქვილზე დაასხას წყალი, რომლებიც არჩევნების გადადებას ზელენსკის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ“, - წერს The Times-ი.
გამოცემა ასევე წერს, რომ პოროშენკოს ეთანხმება კიევის მერი და ყოფილი მოკრივე ვიტალი კლიჩკოა, რომელიც პოროშენკოს ოფისში The Times-ის ჟურნალისტებმაც დააფიქსირეს. სტატიაში მისი ძველი ციტატებიცაა მოყვანილი - „ერთხელ ვთქვი, რომ ჩვენს ქვეყანაში ავტორიტარიზმის სუნი დგას“, - უთხრა მან The Times-ს მაისში. „ახლა კი უკვე ყარს.“
კლიჩკოს, რომელსაც, როგორც ამბობენ, პრეზიდენტობის საკუთარი ამბიციები გააჩნია, ასევე გაუწყვეტია ზელენსკის კრიტიკა მერიის ოფისში ჩატარებული პოლიციის რეიდებისა და მისი გუნდის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებების გამო.