ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანში ომი ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებებს არ განეკუთვნება, ნატო-ს რომელიმე წევრი თავად თუ იწყებს ომს, წევრები მონაწილეობის ვალდებულებას არ იღებენ

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებმა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარი თქვეს და დიპლომატიური ზომების მიღებას მიანიჭეს უპირატესობა, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ განაცხადა.

„ჩვენ რეალისტურად უნდა შევხედოთ იმას, თუ რისი მიღწევა შეიძლება სამხედრო თვალსაზრისით , მაშინ როდესაც ომი მიმდინარეობს. ეს კოალიცია  დიპლომატიურად იმოქმედებს ირანზე ზეწოლის განსახორციელებლად,“- აღნიშნა ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, რომელიც მანამდე  40-ზე მეტ დიპლომატთან ერთად ვირტუალურ სამიტს დაესწრო, სადაც ჰორმუზის სრუტის დახურვით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებზე იმსჯელეს.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ნატო-დან გასვლის შესახებ და განმარტა, რომ ირანში ომი ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებებს არ განეკუთვნება.

მისი თქმით, ალიანსის რომელიმე წევრი საკუთარი ნებით თუ იწყებს ომს, დანარჩენი წევრები მასში მონაწილეობის ვალდებულებას არ იღებენ.

„როდესაც შეერთებულ შტატებზე 11 სექტემბრის თავდასხმა განხორციელდა, ჩვენ ყველანი ერთად დავდექით აშშ-ს დასაცავად“,- აღნიშნა ესპენ ბარტ ეიდემ.