NASA-ს ყველაზე ასაკოვანი ასტრონავტი დედამიწაზე დაბრუნდა

ასტრომავტი

 ამერიკის ყველაზე ასაკოვანი, 70 წლის, ასტრონავტი დონ პეტიტი დედამიწაზე დაბრუნდა. მან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) 220 დღე გაატარა. დონი ამბობს, რომ მას იქ ყოფნისას ასაკი თითქმის არ უგრძნია. როგორც Ars Technica და სხვა გამოცემები იუწყება, NASA-ს ასტრონავტი პრესკონფერენციისას საკმაოდ მხიარულ განწყობაზე იყო.

"დედამიწაზე დაბრუნება კოსმოსური უწონობის შემდეგ ყოველთვის სერიოზული გამოწვევა იყო", — განუცხადა პეტიტმა მედიას ჰიუსტონში, NASA-ს ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში.

ასტრონავტს თითქმის 30-წლიანი კარიერა აქვს. მან საერთო ჯამში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 590 დღე, ანუ 18 თვეზე მეტი, გაატარა. პეტიტი დაბრუნებით გამოწვეულ გართულებებთან (გრავიტაციის ფაქტორი) გამკლავებაში უკვე საკმაოდ გამოცდილია. მისი ასაკისა და იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რასაც უწონადობა ადამიანის სხეულზე ახდენს, გასაკვირი არაა, რომ ასტრონავტი დაღლილად გამოიყურებოდა.

"ძალიან კარგად არ გამოვიყურებოდი, რადგან თავს ცუდად ვგრძნობდი", — აღიარებს პეტიტი. 

რა თქმა უნდა, კოსმოსში ყველაფერი სხვანაირად იყო.

"ერთი კვირის წინ კოსმოსურ სადგურზე ვიყავი. ვვარჯიშობდი, ვაკეთებდი ჩაჯდომებს, თავისუფლად დავფრინავდი", — იხსენებსპეტიტი — "საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყავი. მერე დედამიწაზე დავბრუნდი და იატაკიდან ადგომაც კი აღარ შემიძლია. ეს ძალიან დამაფიქრებელია".

მიუხედავად იმისა, რომ მიწაზე, სახლში დაბრუნება ასტრონავტისთვის სასიხარულო იყო, მან კოსმოსური ცხოვრებისადმი სიყვარული ვერ დამალა.

"მიყვარს კოსმოსში ყოფნა", — განაგრძო მან — "როდესაც გძინავს, უბრალოდ ტივტივებ. ყველა პატარა დისკომფორტი კი ნელ-ნელა ქრება. თავს 30 წლის ადამიანივით ვგრძნობდი, ტკივილისა და სხვა ყველაფრისგან თავისუფლად".

პეტიტი NASA-ს ყველაზე ასაკიანი ცოცხალი ასტრონავტია, თუმცა ის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი არაა, ვინც ოდესმე კოსმოსში ყოფილა. ამ წოდებას "ვარსკვლავური გზის" მსახიობი — უილიამ შატნერი და საჰაერო ძალების ყოფილი კაპიტანი — ედ დუაიტი იზიარებენ. ისინი კოსმოსში Blue Origin-ის კაფსულებით გაემგზავრნენ, დედამიწაზე კი 90 წლის ასაკში დაბრუნდნენ — შატნერი 2021 წელს, დუაიტი კი 2024-ში.

აღსანიშნავია, რომ NASA-ს ყოფილი ასტრონავტი ჯონ გლენი 77 წლის იყო, როცა 1998 გაფრინდა და კოსმოსში დაბერებაზე ექსპერიმენტები ჩაატარა. როგორც პეტიტი აღნიშნავს, გლენი იქ მხოლოდ ცხრა დღით დარჩა. მისივე შეფასებით, თვითონ ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, რომელმაც კოსმოსში ამდენი დრო გაატარა.

ახლა პეტიტი საკუთარ სხეულს განტვირთვისა და ადაპტაციის საშუალებას აძლევს. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იცის, კოსმოსში მალე კვლავ დაბრუნდება.

"რამდენიმე კარგი წელი კიდევ დამრჩა", — თქვა ასტრონავტმა — "ვფიქრობ, რომ ერთხელ ან ორჯერ გაფრენას კიდევ შევძლებ, სანამ კოსმოსურ კარიერას საბოლოოდ დავასრულებ".