მიუნხენში, პოლიციის გასროლილმა ტყვიამ მოკლა ქალი, რომელიც გამვლელებს დანით ესხმოდა თავს

გერმანიის პოლიცია

მიუნხენში, პოლიციის გასროლილმა ტყვიამ მოკლა ქალი, რომელიც გამვლელებს დანით ესხმოდა თავს - სამართალდამცველების ინფორმაციით, 30 წლის ქალმა ქალაქის ცენტრალური ქუჩის მახლობლად მამაკაცი, მოგვიანებით კი ქალი დაჭრა.

პოლიციამ თავდამსხმელის დაკავება ძალის გამოყენების გარეშე სცადა, თუმცა, დამნაშავის დაუმორჩილებლობის გამო, სამართალდამცველებმა რამდენჯერმე გაისროლეს. ადგილობრივი მედიის თანახმად, დაჭრილი დამნაშავე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. ინფორმაციას მიუნხენის პოლიცია ადასტურებს.

"შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქალმა 56 წლის მამაკაცი დანით დაჭრა. შემთხვევის ადგილზე, ვესტენდშტრასეს მიმართულებით, რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი გავიდა. მალევე, მივიღეთ ცნობა, რომ, სავარაუდოდ, ამავე ადამიანმა ასევე დაჭრა 25 წლის ქალი, შვარნტალერ ჰოჰეს მიმდებარე ტერიტორიაზე. სწორედ ამ ადგილას, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით პოლიციელებმა სავარაუდო თავდამსხმელი დააფიქსირეს. დაკავებისას სამართალდამცველებმა იარაღი გამოიყენეს, ეჭვმიტანილი სასწრაფო დახმარების მანქანამ ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც მალევე გარდაიცვალა", - აცხადებს მიუნხენის პოლიციის წარმომადგენელი ტომას შელჰორნი.