1792663955
„მათ სიცილი მოულოდნელად დაიწყეს და 18 თვე ვეღარ შეწყვიტეს...“ - ეპიდემია, რომელსაც, დღემდე, ვერ ხსნიან
თავდაპირველად, მათ ყურადღებას არავინ აქცევს. მაგრამ მალე მათ სხვებიც უერთდებიან… მოსწავლეები გაჩერებას ვეღარ ახერხებენ. სასწავლო პროცესი ჩერდება, მოგვიანებით, სკოლაც იხურება. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ეს ყველაფერი წელიწად-ნახევრის განმავლობაში გრძელდება… არა, ეს ფილმის სცენარი არ არის… ეს რეალური ამბავია, რომელიც 1962 წელს აფრიკაში, ტანგანიკის ტერიტორიაზე - დღევანდელ ტანზანიაში დაიწყო.
30 იანვარს, სოფელ კაშაშას გოგონათა პანსიონში, 3 მოსწავლეს სიცილის უკონტროლო შეტევები დაეწყო. მალე კი მათ სხვა გოგონებიც შეუერთდნენ. ისინი გაჩერებას ვერ ახერხებდნენ… ეს ჩვეულებრივი სიცილი არ იყო. ეპიზოდები საათობით, ზოგჯერ, კვირების განმავლობაში გრძელდებოდა. მოსწავლეებს სიცილთან ერთად ტირილის შეტევებიც ჰქონდათ და ზოგჯერ იმდენად ცუდად ხდებოდნენ, რომ მათუ გაკვეთილებზე დასწრება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. ამის გამო, სკოლა დაიხურა. თუმცა, უცნაური შემთხვევები საცხოვრებელ ადგილებშიც გაგრძელდა. „სიცილის ეპიდემია“ მეზობელ სოფლებსა და სხვა სკოლებშიც გავრცელდა. საერთო ჯამში, დაახლოებით, 1 000 ბავშვი აღწერეს, ვისაც მსგავსი რამ დაემართა. 14 სკოლა კი დროებით დაიხურა.
ექიმებმა ფიზიკური დაავადების დამადასტურებელი ვერანაირი ნიშანი ვერ აღმოაჩინეს. მოგვიანებით, სპეციალისტებმა ყველაზე სარწმუნო ახსნად მასობრივი ფსიქოგენური დაავადება მიიჩნიეს - მდგომარეობა, როდესაც სტრესისა და ფსიქოლოგიური დაძაბულობის ფონზე მსგავსი სიმპტომები ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებში იწყებს განვითარებას. დაახლოებით, 18 თვის შემდეგ, უცნაური ეპიდემია თანდათან გაქრა.
თუმცა, პასუხი კითხვებზე, - როგორ შეიძლებოდა, სიცილი ასე გავრცელებულიყო? ეს იყო უცნობი ვირუსი? მოწამვლა? თუ რაღაც ისეთი, რისი ახსნაც მეცნიერებსაც გაუჭირდათ? - დღემდე არ არსებობს.











