ლუვრის მუზეუმის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ

ლუვრი

ლუვრის მუზეუმის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და კადრების ნაკლებობას აპროტესტებენ, ასევე ითხოვენ ვიზიტორთა ჭარბ რაოდენობასთან გასამკლავებლად ზომების მიღებას და აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას.

ამასთან, პროფკავშირები დისკრიმინაციულად მიიჩნევენ მუზეუმის ბილეთების 45% გაძვირებას ტურისტებისთვის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან. ჯერ უცნობია, დაიხურება თუ არა მუზეუმი მთლიანად გაფიცვის გამო. პროფკავშირის ერთ-ერთი წევრი კრისტიან გალანი ფრანგულ მედიასთან აცხადებს, რომ შესაძლოა, გაფიცვის დროს ლუვრმა შეზღუდულად იმუშაოს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ საშობაო პერიოდის წინ გაფიცვას 2 200 თანამშრომელს შორის ფართო მხარდაჭერა ექნება.

ლუვრის მუზეუმს ყოველდღიურად დაახლოებით 30 ათასი ვიზიტორი სტუმრობს.