ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი იპოვის გზას უნგრეთის ვეტოსთვის გვერდის ასავლელად

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ლუკ ფრიდენი აცხადებს, რომ ევროკავშირი იპოვის გზას უნგრეთის ვეტოს დასაძლევად. ამის შესახებ ფრიდენმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

ფრიდენი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს შეუძლია წინსვლა, მაშინაც კი, თუ ერთი ქვეყანა ბლოკავს საკითხს და არ ეთანხმება.

„ევროკავშირის რომელიმე წევრი გადაწყვეტილებას თუ ბლოკავს, დანარჩენი 26 წევრით ყოველთვის შეგვიძლია წინსვლა. ეს არის ის, რასაც წარსულში ვაკეთებდით. ყურადღება უნდა გავამახვილოთ ჩვენს ძლიერ მხარეებზე და არა დამაბრკოლებელ ფაქტორებზე“, – აღნიშნა ლუკ ფრიდენმა.

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ევროპა მზად არის, მხარი დაუჭიროს სტაბილურობას, მშვიდობას და მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„მოუთმენლად ველოდები პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლას სამიტის დროს. ფინანსური, სამხედრო, ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ და ჩვენ მათ არ დავივიწყებთ. ვიმედოვნებ, ამას განვიხილავთ და, რა თქმა უნდა, ამ დროსაც შეგვიძლია უკრაინის მხარდაჭერა. ეს არის საკითხი, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გადაწყდება“, – განაცხადა ფრიდენმა.

უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობით კრედიტის გამოყოფა დაბლოკა.