1751921238
ხანძარი მარსელს მიუახლოვდა - დახურულია აეროპორტი, შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა

ტყეში გაჩენილი ხანძარი მარსელს მიუახლოვდა. „ბიბისის“ ცნობით, ცეცხლი, რომელიც ძლიერი ქარის გამო სწრაფად ვრცელდება ქალაქის შემოგარენს მიუახლოვდა.
მანამდე, ხანძრის გამო დახურეს მარსელის აეროპორტი.
ამასთან ერთად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასშტაბური ხანძრების გამო, რომელიც ქვეყნის სამხრეთში მძვინვარებს, სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია.
საფრანგეთის რკინიგზაში განაცხადეს, რომ სარკინიგზო ხაზებთან ახლოს გაჩენილი ხანძრების გამო მარსელიდან ჩრდილოეთით და დასავლეთით მატარებლების მოძრაობა შეჩერდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთმა მატარებელმა შეიძლება ოთხი საათი დაიგვიანოს.
მარსელის მერმა მოუწოდა მოქალაქეებს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ.
ადგილობრივებმა ფრანგულ მედიას უთხრეს, რომ მოქალაქეების ნაწილი ქალაქის დატოვებას ცდილობს და ამიტომ, გზებზე დიდი საცობებია.
ფრანგული მედია ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მარსელის ჩრდილოეთ ნაწილში მთებში ძლიერი ხანძარია.
ფრანგული მედიის ცნობით, მარსელსა და ახლომდებარე რეგიონებში 19 მაისის შემდეგ არ უწვიმია.