„ჰაუსში“ დიასა შევიდა – რა მოხდა პროექტში?
1766086365
ე.წ. რეპარაციულ სესხთან დაკავშირებით ბელგიაზე ზეწოლას რუსეთის გარდა, აშშ-იც ახორციელებს, ამიტომ საჭიროა საერთო ევროპული წინადადების მიღება, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა კაია კალასმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, „ფუნდამენტური საკითხია, რომ რუსეთი იწვევს ზიანს უკრაინაში და ისინი უნდა იყვნენ პასუხისმგებლები რეპარაციებზე“.
„დღეს გვექნება ინტენსიური შეხვედრა. დღის წესრიგში ბევრი საკითხია. უპირველეს ყოვლისა, ესაა უკრაინა. ჩვენ ვხედავთ ძლიერ ძალისხმევას მშვიდობისკენ, მაგრამ ეს ცალმხრივია. ჩვენ ვერ ვხედავთ სურვილს და ნებას რუსეთის მხრიდან, რომ წინ წაიწიოს ან სერიოზულად ისაუბროს მშვიდობაზე. საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივაც კი უარყო მოსკოვმა. ასე რომ, ცხადია, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა კრემლი მოჩვენებითი მოლაპარაკებების ნაცვლად, რეალურად მოვიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.
დღესვე ჩვენ განვიხილავთ რეპარაციული სესხის საკითხს. წინადადებები, რომლებზეც ვმუშაობთ, ასევე ითვალისწინებს ბელგიის წუხილებს. ჩემი აზრით, საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა ნიშნავს, რომ ყველა რისკს ვიღებთ ჩვენს თავზე, რადგან ეს საერთო ევროპული წინადადებაა და რისკები, ტვირთიც თანაბრად გაზიარებულია. ასე რომ, ვფიქრობ, ბელგიის მიერ წამოწეული საკითხები გათვალისწინებულია და იმედია, ფინიშის ხაზს გადავკვეთავთ. პუტინს სურს, ვერ მივაღწიოთ წარმატებას. ასე რომ, ჩვენ ეს კრემლს არ უნდა მივცეთ. როგორც ვხვდები, რეპარაციულ სესხთან დაკავშირებით ბელგია დიდი ზეწოლის ქვეშ არის რუსეთის, ევროპული ქვეყნების, ასევე აშშ-ის მხრიდან. ამ ზეწოლის მოსახსნელად ჩვენ უნდა გვქონდეს ევროპული წინადადება, შემდეგ კი ბელგია იქნება დაცული კანონით და ნებისმიერს, ვისაც აქვს წუხილი, შეეძლება, უჩივლოს ევროკავშირს სასამართლოში. ჩემი აზრით, ფუნდამენტური საკითხია, რომ რუსეთი იწვევს ზიანს უკრაინაში და ამიტომ ისინი უნდა იყვნენ პასუხისმგებლები რეპარაციებზე. ეს რეპარაციული სესხი კი ამ იდეაზეა დაფუძნებული“, – აღნიშნა კალასმა.