კაია კალასი დღეს ისლანდიასთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერს ხელს

კაია კალასი

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი დღეს ისლანდიასთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. „პოლიტიკოს“ თანახმად, ქვეყანა ფიქრობს, აგვისტოში ჩაატაროს თუ არა კენჭისყრა ევროკავშირში წევრობის განახლების შესახებ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავდაცვის საკითხებზე მოლაპარაკებების შესახებ პირველად გასული წლის ივლისში განაცხადა და ჰიბრიდული საფრთხეების, სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხო კომუნიკაციების საკითხებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პირობა დადო.

თავდაპირველად ხელმოწერა ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ეს არ მომხდარა. იმავე თვეში ფეროშენადნობებზე ევროკავშირის ტარიფებმა ისლანდიის მხრიდან მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია და მოლაპარაკებები ფაქტობრივად გაიყინა.

„პოლიტიკოს“ თანახმად, ვაშინგტონის მიერ ისლანდიისთვის დაწესებულმა ტარიფებმა, დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის ანექსიის შესახებ განახლებულ მუქარასთან ერთად, დააჩქარა რეიკიავიკის ევროკავშირთან ურთიერთობა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტორგერდურ კატრინ გუნარსდოტირმა ისლანდიას ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წელიწად-ნახევრის ვადაში დასრულებაზეც კი მიანიშნა.

ისლანდია, შესაძლოა, ერთადერთი ქვეყანა არ იყოს, რომელიც მალე შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი – „შესაძლოა, გარკვეულ მომენტში მას კანადაც შეუერთდეს“, – განაცხადა 17 მარტს ბერლინში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ.