ისრაელი სუვერენული სახელმწიფოა - ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ბედის კონტროლს - ნეთანიაჰუ

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „აბსურდული მტკიცებები“ უწოდა აშშ-სა და ისრაელს შორის ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ განცხადებებს.

„როდესაც ვაშინგტონში ვიყავი, [ხალხი] ამბობდა, რომ მე ვაკონტროლებ ამერიკის მთავრობას, რომ მე ვკარნახობ მის უსაფრთხოების პოლიტიკას. ახლა კი პირიქით ამტკიცებენ - რომ ამერიკის ადმინისტრაცია მაკონტროლებს მე და ისრაელის უსაფრთხოების პოლიტიკას კარნახობს“, - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

„არცერთი არ არის სიმართლე“, - დაასკვნა ნეთანიაჰუმ.

პრემიერ-მინისტრის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გასულ კვირას აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ეწვივენ ისრაელს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის განხორციელების ზედამხედველობისთვის.

„ისრაელი სუვერენული სახელმწიფოა. ამერიკის შეერთებული შტატები სუვერენული სახელმწიფოა. ჩვენი ურთიერთობა პარტნიორობაა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

„ჩვენ არ შევეგუებით ჩვენ წინააღმდეგ თავდასხმებს. ჩვენი შეხედულებისამებრ ვუპასუხებთ თავდასხმებს, როგორც ეს გავაკეთეთ ლიბანში და ახლახან ღაზაში. ჩვენ ვაკონტროლებთ ჩვენს უსაფრთხოებას და ასევე მკაფიოდ განვაცხადეთ საერთაშორისო ძალებთან დაკავშირებით, რომ ისრაელი განსაზღვრავს, რომელი ძალები იქნება ჩვენთვის მიუღებელი - ასე ვიქცევით და ასე გავაგრძელებთ მოქმედებას. ეს, რა თქმა უნდა, მისაღებია შეერთებული შტატებისთვისაც, როგორც ეს მათმა ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენლებმა განაცხადეს ბოლო დღეებში. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ბედის კონტროლს“, - დასძინა მან.