ინგუშეთში ცნობილი სპორტსმენების მონაწილეობით მასობრივი სროლები იყო - არიან დაჭრილები

policiis lenti

ინგუშეთში მასობრივი სროლა იყო, რომელშიც პროფესიონალი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. ინციდენტი მოხდა ნაზრანის რაიონის სოფელ გაზი-იურტში. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, სოფელში ორი ავტომობილით შეიარაღებული ჯგუფი მივიდა. ადგილობრივები მათ კერძო სახლთან ელოდებოდნენ, დაიწყო ჩხუბი, რის შემდეგაც რამდენიმე პირმა პისტოლეტებიდან გახსნა ცეცხლი, ხოლო ერთ-ერთმა მონაწილემ ავტომატიდან გაისროლა.

სროლის შედეგად სოფლის ერთმა მცხოვრებმა მიიღო დაზიანება. ის ცეცხლსასროლი ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელებს შორის იყო თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი. სამართალდამცველები ამ ეტაპზე მის ვინაობას არ ასახელებენ. კონფლიქტის მიზეზად, სავარაუდოდ, მანამდე კაფეში მომხდარი ჩხუბი სახელდება.

დაკავებების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა. პოლიცია გამოძიებას აგრძელებს.