“თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა დიდ ზეწოლას ვახორციელებ რუსეთზე. ვფიქრობ, მას სურს შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება" - ტრამპი

gh

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ახალი ადმინისტრაცია რუსეთის ფედერაციაზე დიდ ზეწოლას ახორციელებს, მიზანი, უკრაინაში ომის დასრულებაა.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინამ ჯერ კიდევ 2014 წელს დაკარგა, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი იყო ბარაკ ობამა.

მისი განმარტებით, კიევმა მოსკოვს ეს ტერიტორია უბრძოლველად გადასცა, ამიტომ ახლა მისი დაბრუნება რთული იქნება.

შეგახსენებთ, ამ განცხადებამდე, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ცნობილი გახდა ხანგრძლივი მშვიდობის სანაცვლოდ კიევისთვის შეთავაზებული წინადადება, ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის ტერიტორიად აღიარების შესახებ, რამაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის კრიტიკა გამოიწვია.

"თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა დიდ ზეწოლას ვახორციელებ რუსეთზე. რუსეთმა იცის ეს. ვფიქრობ, მას სურს შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ვნახავთ ამას ძალიან მალე, მაგრამ ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება. რუსეთის მხრიდან ომის შეჩერება მთელი ქვეყნის აღების შეჩერება, ეს საკმაოდ დიდი დათმობაა. მჯერა, რომ მათ სურთ შეთანხმების მიღწევა.

როდესაც გვეკითხებიან უნდა დათმოს თუ არა უკრაინამ რაღაც ტერიტორია მშვიდობის სანაცვლოდ, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ტერიტორიაზეა საუბარი.

ჩვენ ყველაფერს შეძლებისდაგვარად საუკეთესოდ გავაკეთებთ, უკრაინასთან ერთად ვიმუშავებთ, მაგრამ მათ უკვე ბევრი ტერიტორია დაკარგეს. როდესაც თქვენ ამბობთ ყირიმს, ყირიმი რუსეთს გადასცა პრეზიდენტმა სახელად ბარაკ ობამამ. ეს იყო 11 წლის წინ, ამას ჩემთან კავშირი არ აქვს, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, არ ყოფილა ბრძოლა, უბრალოდ გადასცეს. ახლა ამბობენ, რომ შეიძლება დაიბრუნონ? ვფიქრობ, ყირიმის დაბრუნება ძალიან რთული იქნება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.