„ევროკავშირი თქვენი ხელმძღვანელობით თავდაყირა დადგა, თქვენ პოლიტიკური ბანკროტი ხართ“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტში დებატების დროს მკაცრად გააკრიტიკეს

evrokavSiri

ევროპარლამენტში უნდობლობის ვოტუმის განხილვისას ევროკომისიის პრეზიდენტი დეპუტატების ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა.

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ნაციონალური გაერთიანების“ თავმჯდომარე ჯორდან ბარდელამ განაცხადა, რომ ევროკომისიამ არამხოლოდ გააფორმა ამერიკასთან შეთანხმება, არამედ „ევროპის კომერციული კაპიტულაცია“ მოახდინა.

„6 წელიწადია ევროკავშირი თქვენი ხელმძღვანელობით თავდაყირა დადგა და უკუსვლა დაიწყო. ეს არის კომერციული უკუსვლა ანუ კომერციული შეთანხმება შეერთებულ შტატებთან. თქვენი ხელმოწერით ევროპის კომერციულ კაპიტულაციას დათანხმდით, ამიტომ ევროპელი პარტნიორები თამამად მივცემთ ხმას თქვენს წინააღმდეგ“, - განაცხადა ფრანგმა ევროდეპუტატმა ჯორდან ბარდელამ.

ფრანგი ევროპარლამენტარის, მარონ ობრის განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტმა თანამდებობა უნდა დატოვოს „ტრამპის წინაშე კაპიტულაციის გამო“.

„ქალბატონო ფონ დერ ლაიენ, თქვენ უნდა წახვიდეთ. თქვენ თქვენი სიმხდალითა და უმოქმედობით ხელი შეუწყვეთ ღაზაში გენოციდს. თქვენ უნდა წახვიდეთ ტრამპის წინაშე კაპიტულაციის გამო, როცა დათმობაზე წახვედით შტატების ეკონომიკური ინტერესების სასარგებლოდ და ევროპის საზიანოდ“, - მიმართა ევროპარლამენტარმა მარონ ობრიმ ევროკომისიის პრეზიდენტს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი გააკრიტიკეს სხვა ევროდეპუტატებმაც, რომლებმაც განაცხადეს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის ქმედებების გამო ისინი სასაცილოდ გამოიყურებიან.

„როდესაც კომპანიას, ან ბიზნესს გაკოტრება ემუქრება, მენეჯმენტი იძულებულია წავიდეს. დადგა დრო წახვიდეთ, თქვენ პოლიტიკური ბანკროტი ხართ“, - განაცხადა დეპუტატმა მემარცხენე ჯგუფიდან მარტინ შიდვანიმ.

„მემარჯვენე ხელისუფლებას ახასიათებს ამპარტავნება და კულუარული გარიგებები, რითაც თქვენ გვაიძულებთ სასაცილოდ გამოვიყურებოდეთ. შეერთებულმა შტატებმა ჩვენი გარიგების უნარის შეარყია. იქნებ თქვენი შვილები და მეუღლეები ფრონტზე საბრძოლველად გაგეგზავნათ, თუკი მიგაჩნიათ რომ ეს ამად ღირს. თქვენ პოსტი უნდა დატოვოთ“, - აღნიშნა დეპუტატმა ევა ზაჰაჟოვსკამ.