ევროკავშირი გარდამტეხ მომენტშია, როდესაც ქვეყნები ეროვნული ინტერესების უკან არ უნდა იმალებოდნენ - გერმანიის ფინანსთა მინისტრი

ლარს კლინგბეილი

ევროკავშირი გარდამტეხ მომენტშია, როდესაც ქვეყნები ეროვნული ინტერესების უკან არ უნდა იმალებოდნენ, – ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბეილმა განაცხადა.

„ჩვენ გვსურს გადაწყვეტილებების პოვნა. ეს ძალიან ევროპული მომენტია“, – განაცხადა კლინგბეილმა.

მისივე თქმით, გერმანია მზადაა, კომპრომისზე წავიდეს.

„მჯერა, წლის დასაწყისში გრენლანდიასთან დაკავშირებით მომხდარმა გამოაღვიძა ყველა, ვისაც ევროპა აინტერესებს და ეს იწვევს იმ ფაქტს, რომ ჩვენ არ ვიმალებით ეროვნული ინტერესების უკან, არამედ მზად ვართ, კომპრომისებზე წავიდეთ“, – განაცხადა კლინგბეილმა.

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრების დაგეგმილ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი 27 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკის საბანკო დეპოზიტებში არსებული დაახლოებით 10 ტრილიონი ევროს ინვესტირება იქნება იმ პერსპექტიულ სექტორებში, რომლებსაც კაპიტალი აკლიათ. ესენია: მწვანე ენერგია, ციფრული მრეწველობა, თავდაცვა და უსაფრთხოება.

„წელს პროგრესს თუ მივაღწევთ, ეს თამაშის წესებს შეცვლის“, – განაცხადა კლინგბეილმა.