დროა ევროპა გამოფხიზლდეს - ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპელებმა უნდა გაიღვიძონ, გადადგან ნაბიჯი და დაიცვან საკუთარი ინტერესები, რადგან აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა კატეგორიულად მათ წინააღმდეგ არიან.

"არ უნდა დავაკნინოთ ის უნიკალური მომენტი, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტი და ჩინეთის პრეზიდენტი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ევროპელებს. ამიტომ, ახლა გამოფხიზლების დროა," - განაცხადა მაკრონმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად გამართულ დისკუსიაში.

"ჩვენ ცოტა უფრო თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ და ჩვენი დღის წესრიგი წინ წავწიოთ," - აღნიშნა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე ვარაუდობს, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში დაძაბულობა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგაც შენარჩუნდება.

"ეს ისტორიული ტენდენციაა. ჩვენ შეგვიძლია შეერთებულ შტატებთან ზოგიერთ საკითხზე ვითანამშრომლოთ და ეს ჯერ კიდევ საკმაოდ ლოგიკურია საერთო ღირებულებებისა და ისტორიული კავშირების გამო, მაგრამ მე ნამდვილად მჯერა, რომ აშშ-ის ეს მიდგომა გაგრძელდება," - დასძინა მაკრონმა.