1782158365
ჩვილები მხოლოდ მისი მორიგეობის დროს იღუპებოდნენ - რა აღმოაჩინა გამოძიებამ (უცხოეთი)
ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმე ახალგაზრდა მედდის, ლუსი ლეტბის სახელთან არის დაკავშირებული.
ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როდესაც ინგლისის ქალაქ ჩესტერის საავადმყოფოს ახალშობილთა განყოფილებაში ექიმებმა ჩვილების სიკვდილიანობისა და მოულოდნელი ჯანმრთელობის გაუარესების უცნაური სერია შენიშნეს. თავდაპირველად შემთხვევები ტრაგიკულ დამთხვევად მიიჩნიეს, თუმცა დროთა განმავლობაში მედიკოსებმა ერთ საეჭვო გარემოებას მიაქციეს ყურადღება - თითქმის ყველა შემთხვევა მაშინ ხდებოდა, როდესაც მორიგეობაში ერთი და იგივე მედდა იმყოფებოდა.
გამოძიების მიხედვით, რამდენიმე ჩვილი სრულიად მოულოდნელად ხდებოდა კრიტიკულად ცუდად, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მათი მდგომარეობა სტაბილური იყო. ექიმების ნაწილმა ეჭვი გამოთქვა, რომ საქმე ბუნებრივ მიზეზებს არ უკავშირდებოდა.
საავადმყოფოს შიდა შემოწმების შემდეგ საქმეში პოლიცია ჩაერთო. მრავალწლიანი გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ათასობით სამედიცინო დოკუმენტი, ექსპერტიზის დასკვნა და პერსონალის ჩვენება შეისწავლეს.

გამოძიების ვერსიით, ლუსი ლეტბი ჩვილებს განზრახ აზიანებდა სხვადასხვა მეთოდით. სასამართლოზე განხილული მტკიცებულებების მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში ახალშობილების ორგანიზმში ჰაერის შეყვანაზე, ზოგიერთ შემთხვევაში კი ინსულინის გამოყენებაზე იყო საუბარი.
საქმემ დიდი რეზონანსი გამოიწვია არა მხოლოდ ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. სასამართლო პროცესის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ რიგ შემთხვევებში ექიმები წლების განმავლობაში ცდილობდნენ ხელმძღვანელობის ყურადღების მიქცევას, თუმცა მათი შეშფოთება სათანადოდ არ განიხილებოდა.
2023 წელს სასამართლომ ლუსი ლეტბი დამნაშავედ ცნო შვიდი ახალშობილის მკვლელობასა და კიდევ რამდენიმე ჩვილის მკვლელობის მცდელობაში. მოსამართლემ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე.











