ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ბლეიზ მეტრეველი - პუტინს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, ზეწოლა, რომელსაც უკრაინის სახელით ვახორციელებთ, შენარჩუნდება

ბლეიზ მეტრეველი

ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის, MI 6-ის ხელმძღვანელის, ბლეიზ მეტრეველის განცხადებით, რუსეთი წარმოადგენს „აგრესიულ, ექსპანსიონისტურ და რევიზიონისტულ“ საფრთხეს. ამის შესახებ მან თანამდებობის დაკავებიდან პირველი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პუტინს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, ჩვენი მხარდაჭერა უცვლელია, ზეწოლა, რომელსაც ჩვენ უკრაინის სახელით ვახორციელებთ, შენარჩუნდება. ქაოსის ექსპორტი საერთაშორისო ურთიერთობებისადმი რუსეთის მიდგომის მახასიათებელია და არა – შეცდომა და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს გაგრძელდება, ვიდრე პუტინი იძულებული არ იქნება, შეცვალოს თავისი გათვლები“,  – აღნიშნულია მის გამოსვლაში, რომლის ნაწილი წინასწარ გამოქვეყნდა.

სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის სიტყვაში ასევე საუბარია ტექნოლოგიების გამოყენების გააქტიურების საჭიროებაზე გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების წინაშე არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად, მათ შორის ტერორიზმსა და საინფორმაციო ომთან.

ბლეიზ მეტრეველი MI 6-ის პირველი ქალი ხელმძღვანელი გახდა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე რიჩარდ მური ოქტომბერში შეცვალა.